საზოგადოება
ფქვილზე სახელმწიფო სუბსიდია შესაძლოა გაიზარდოს
1 ტომარა ფქვილზე სახელმწიფო სუბსიდია შესაძლოა, 10 ლარიდან 15 ლარამდე გაიზარდოს. როგორც ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, ლევან სილაგავამ განაცხადა, დღეისატვის 1 ტომარა ფქვილის ფასი 68 ლარამდეა გაზრდილი, ამიტომ 10 ლარიანი სუბსიდია ფასის შესანარჩუნებლად საკმარისი აღარაა.

„პროგრამაში თავიდანვე ჩადებული იყო რისკები, რომ მაგალითად, რუსეთს 15 თებერვლიდან შემოაქვს კვოტირება, ასევე სავალუტო რისკი, ელექტროენერგიის გაძვირების რისკი. 2-2 მილიონი ლარი განაწილდა პროგრამის პირველ ორ თვეზე, მაგრამ ამ რისკებმა იმუშავა და ახლა ხორბალი სერიოზულად გაძვირებულია, შესაბამისად 10 ლარიანი სუბსიდირება, რომელიც პირველ 2 თვეზე იყო გათვლილი, აღარ ჰყოფნის. ჩვენი გათვლებით მივმართეთ სოფლის მეურნეობის სამინისტროს და ახლა მიმდინარეობს განხილვა, სავარაუდოდ, სუბსიდირება 15 ლარი იქნება“
, - აღნიშნა მან.

ლევან სილაგავას ინფორმაციით, სუბსიდირების პროგრამის ფარგლებში ჩატარებულ პირველ ტენდერში 8 წისქვილ-კომბინატმა გაიმარჯვა, რომელიც 52 პურის ქარხანას 1 ტომარა პირველი ხარისხის ფქვილს ფიქსირებულ, 53 ლარად აწვდის, ხოლო მეორე ტენდერი 25 იანვრისთვის გამოცხადდება.

მისივე განცხადებით, სახელმწიფოს პოზიციიდან გამომდინარე შეიძლება ითქვას, რომ 1-ელ აპრილამდე პურის ფასი არ გაიზრდება.

შეგახსნებთ, რომ სახელმწიფო პირველი ხარისხის ფქვილს ასუბსიდირებს, რისთვისაც საერთო ჯამში 10 მილიონი ლარი დაიხარჯება. პროგრამა 1-ელ დეკემბერს დაიწყო და 4 თვის განმავლობაში გაგრძელდება.


interpressnews.ge
| Print |