საზოგადოება
ახალციხელებმა გაჭირვებული ოჯახისთვის საკვები და საოჯახო ნივთები შეაგროვეს
ადიგენის სოფელ ხევაშენში, უკიდურეს სიღარიბეში მცხოვრებ მინაძეების ოთხსულიან ოჯახს, ამჯერად საშაურმე „კაი პონტი“ და ახალციხის მოსახლეობა დაეხმარა.

დაახლოებით, ერთი კვირაა ტელეკომპანია „მეცხრე არხის“ ოფისში და „კაი პონტში“ გროვდება ყველაფერი, რაც ხელმოკლე ოჯახს სჭირდება. მინაძეების დასახმარებლად წამოწყებულ აქციას ამჯერად 22 წლის გიორგი დიასამიძის მხარდასაჭერად შექმნილი საორგანიზაციო ჯგუფი შეუერთდა. მაგიდა, სკამები, ტელევზორი, ჭურჭელი, სათამაშოები, სურსათი და ტანსაცმელი "კაი პონტის" წარმომადგენლებმა და აქციის მონაწილეებმა დღეს, 6 თებერვალს, ოჯახს პირადად გადასცეს.

მინაძეები ავარიულ სახლში, ორ მცირეწლოვანთან ერთად ცხოვრობენ. მათ 5 წლის გოგო და 7 წლის ბიჭი ჰყავთ. არ აქვთ ჭურჭელი, საკვები პროდუქტი, ავეჯი და ტანსაცმელი. მათი მთავარი საზრუნავი ბავშვების უსაფრთხოებაა, რადგან სახლი დაზიანებულია და მის შეკეთებას ვერ ახერხებენ.

ახალგაზრდები, რომლებიც მინაძეების მხარდამჭერ კამპანიას შეუერთდნენ, პარალელურად აგროვებენ ფულს ასპინძის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ გიორგი დიასამიძის ოპერაციისთვის. 22 წლის მამაკაცს დილატაციური კარდიომიოპათია დაუდგინდა. მას გულის ტრანსპლანტაცია სჭირდება, რისთვისაც 100 000 აშშ დოლარია საჭირო.

| Print |