საზოგადოება
„სახლი დამინგრიეს და ღია ცის ქვეშ დამტოვეს“ - ქურდაძეების გასაჭირი
შეჭირვებული დედა-შვილი თავშესაფრის გარეშე დარჩა. ქურდაძეების ოჯახი თავს სატყეო სამსახურის საკუთრებაში არსებულ სარდაფში აფარებდა, რომელიც დაანგრიეს. მთვარისა ქურდაძეს და მის არასრულწლოვან შვილს თავშესაფრის დაცლა ორი კვირის წინ მოსთხოვეს. ოჯახი იძულებული გახდა თბილისში საცხოვრებლად, ნაქირავებ ერთოთახიან ბინაში მცხოვრებ შვილთან და სიძესთან გადასულიყო.

„სახლში არ ვიყავი მაგ დღეს როცა მოვიდნენ, სატყეოს მეთვალყურესთვის უთქვამთ ხვალ სახლი დაცალონო, სად წავსულიყავი, თავშესაფარი არსად მქონდა, ჩემი ნივთები მეზობლის სარდაფში შევინახე, მოვიდნენ და უცბად დაანგრიეს სახლი, აქ ოფისი უნდა გავაკეთოთო, იმას კი არ უყურებდნენ ღია ცის ქვეშ რომ ვრჩებოდით მე და ჩემი შვილი“, - ამბობს მთვარისა ქურდაძე. მისი თქმით, დახმარებისთვის ახალციხის მერიას მიმართა, თუმცა უშედეგოდ.

„გზის ფულიც კი არ მქონდა თბილისში ჩემს დიდ გოგოსთან რომ წავსულიყავი. მერაში მივედი და დახმარება ვითხოვე, გზის ფული მაინც მომეცით თბილისამდე ჩავიდე-მეთქი და უარით გამომისტუმრეს. ჩემი შვილი ქმართან ერთად ნაქირავებ ერთოთახიან სახლში ცხოვრობს, ქირა ვერ გადაიხადეს, ამიტომ ეს ბინაც უნდა დავცალოთ, რა გავაკეთო, ჩვენც ხომ ადამიანები ვართ“, - გვითხრა მთვარისა ქურდაძემ.

ოჯახს სოციალურად დაუცველის სტატუსი არ აქვს. უკიდურესად შეჭირვებული დედა-შვილი რამდენიმე წელია დახმარების მიღებას ცდილობენ, თუმცა ყოველ ჯერზე მაღალი სარეიტინგო ქულა მოსდით.

ქურდაძეების მძიმე სოციალური პირობების შესახებ, "მეცხრე არხმა" სიუჟეტი არაერთხელ მოამზადა. მაშინ საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა და მოქალაქეებმა, დედა-შვილს საკვები და ტანსაცმელი მიუტანეს.

| Print |