საზოგადოება
მილი, რომელიც ადგილობრივის სარდაფს ტბორავდა, ორი წლის შემდეგ შეაკეთეს
ახალციხეში, რუსთაველის ქუჩაზე, სპეციალისტებმა მიწისქვეშა კომუნიკაციის შემოწმება დაასრულეს. „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ თანამშრომლებმა ცენტრალური გზა გათხარეს და დაადგინეს, რომ მიწის ქვეშ სასმელი წყლის მილი იყო დაზიანებული.

„მოვიდნენ წყალმომარაგებიდან, თვეებია ამოწმებდნენ მაგრამ ახლა დაადგინეს, რომ ჩემი წყლის მილები არ ყოფილა დაზიანებული, ორი წელია წყალი ჟონავს და სარდაფი მეტბორება, ახლა გავიგე, რომ ეს ყველაფერი ჩემი მეზობლის წყლის სისტემის ბრალია, იმედია აღარ შემომივა წყალი, უკვე ძალან დავიღალე“, - ამბობს მარგარიტა მალცოვა.

„საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ ტექნიკური სამსახურის უფროსის თქმით, პრობლემა უკვე მოგვარებულია და დაზარალებულს სარდაფი წყლით აღარ დაეტბორება.

„პრობლემა მოვაგვრეთ, ავარიული დაზიანება იყო და სრულიად მოგვარდა“, - გვითხრა გიორგი ლაცაბიძემ.

შეგახსენებთ, რომ ახალციხის ცენტრალურ ქუჩაზე ასფალტის დაგების შემდეგ, ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის სარდაფში წყალი ჩადიოდა. მეპატრონე ეჭვობდა, რომ გზის დაგების დროს მუშებმა სასმელი წყლის მილი დააზიანეს.
| Print |