საზოგადოება
ბიზნესი, რომელიც პანდემიამ ვერ გააჩერა
ახალციხის ძველ უბანში, რომელსაც დანარჩენი საქართველო რაბათის სახელით იცნობს, ციხის უკანა ტერიტორიაზე კომპლექსური ტურისტული ობიექტი შენდება. იქ მისულ სტუმარს მესხური სამზარეულოს გაცნობა, ასევე მესხური ღვინის დაჭაშნიკება, მასტერკლასში მონაწილეობა და სასტუმროს კედლებზე უძველესი მითოლოგიური სცენების ნახვა შეეძლება.

გიორგი ნათენაძემ კომპლექსზე მუშაობა 2019 წელს დაიწყო. სხვადასხვა გრანტის, კრედიტისა თუ სუბსიდიის დახმარებით, ნახევარზე მეტი საქმის გაკეთება შესძლო. ,,რომ არა პანდემია, პროექტი დასრულებული და ტურისტებიც მიღებული გვეყოლებოდა, თუმცა კორონავირუსის გამო, სამუშაო პროცესი ერთი წლით გადაგვივადდა“.

შექმნილი ვითარების მიუხედავად, სამცხე-ჯავახეთის ტრადიციული მეღვინეობის ასოციაციის დამფუძნებელი და დირექტორი იმედოვნებს, რომ ზაფხულში პირველ სტუმარს კარს გაუღებს. ვაზი მამამ ბავშვობიდან შეაყვარა, სკოლის დამთავრებისთანავე ვაზის უძველესი მესხური ჯიშების მოძიება დაიწყო. როცა თსუ-ს ახალციხის ფილიალის ეკონომიკის ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტი იყო ინგლისის ერთ-ერთ უმაღლეს სასწავლებელში ჩაირიცხა. ,,მაღალი ქულებით მოვხვდი და მაშინ ბევრი ვიფიქრე რა იქნებოდა უკეთესი - დაწყებული საქმის გაგრძელება თუ ევროპული განათლების მიღება? საბოლოოდ სამშობლოში დარჩენა გადავწყვიტე, რადგან მამაჩემის დიდი სურვილი იყო ისტორიული მესხური ვაზი აღდგენილიყო“.

მამა-შვილმა მესხური ღვინის წარმოება 12 წლის წინ, პატარა მარანში დაიწყო. სწორედ იმ დროს შეიქმნა ,,მესხური ბრენდი“. აწარმოებდნენ 1500 ბოთლს და ექსპორტზე გაჰქონდათ. ახალგაზრდა მეღვინე იხსენებს, რომ წლების განმავლობაში მარანს მოგებაზე არ უმუშავია, თუმცა ამასობაში 11 სახეობის ღვინო შექმნეს. მათგან ოთხი უკვე სარეალიზაციოდ იწარმოება.

,,მხოლოდ საქმის დაწყების შემდეგ მივხვდი, რომ მესხეთში მეღვინეობის პოპულარიზაცია და უძველესი ჯიშების მოძიება - აღდგენა ურთულესი საქმე იქნებოდა. რეგიონში ღვინის კულტურა დაკარგული იყო. თითქმის მთელი ხუთი საუკუნე სამცხე-ჯავახეთი ჯერ ოსმალების, შემდეგ კი რუსეთის ბატონობის ქვეშ იყო, რა დროსაც მიწები აღარ მუშავდებოდა - აკრძალული იყო ღვინის წარმოებაც. ამიტომ დაიკარგა როგორც ვაზის ჯიშები, ასევე მისი დასახელებებიც“ - გვიყვება გიორგი ნათენაძე.

ვაზის ჯიშების მოძიება ძირითადად ტყეში, უძველეს სოფლებსა და ნასოფლარებში უწევდა. ხშირად უფიქრია, უღირდა თუ არა წლების ასე გატარება, იმედიც ბევრჯერ გაცრუებია, თუმცა საქმის დაწყებიდან დაახლოებით ათ წელიწადში ეჭვი გაქრა. ამ დროისათვის, გიორგი ნათენაძის ანგარიშზე 24 მესხური ვაზის ჯიშია. ამბობს, რომ მესხურ ღვინოს განსხვავებული გემოვნური თვისებები აქვს, შედარებით რბილია და ალკოჰოლის დაბალი შემცველობით ხასიათდება. საინტერესო და ჰარმონიული არომატებით გაჯერებული მესხური ღვინო ერთნაირი წარმატებით იყიდება როგორც ევროპულ, ასევე აღმოსავლურ ქვეყნებში. ამიტომ მისი რეალიზაცია არ უჭირს. თავიდან კი ყველაფერი სხვაგვარად იყო.
,,2002 წელს, როდესაც პირველად ვაზის სახეობები ვნახე, მეგონა რომ მესხური ჯიშები აღმოვაჩინე, თუმცა ყველა ჰიბრიდული გამოდგა. ამის მერე დავიწყე ვაზის დეტალური შესწავლა, ბიბლიოთეკებში სიარული, ლეგენდების გაცნობა, ხალხში გასვლა და მათი ცნობების მოძიება/ჩაწერა. 2009 წელს სამეცნიერო კვლევითი ცენტრი გაიხსნა, თანამშრომლობა დავიწყე და მერე უკვე ერთად ვადგენდით სახეობას“.

პანდემიამდე ღვინოს ათ ქვეყანაში ჰყიდდა - იტალია, ბელგია, დანია, კანადა, შვედეთი, ამერიკა, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, ესპანეთი, იაპონია. ჩაკეტილი საზღვრების მიუხედავად, ბიზნესი არ გაჩერებია. როგორ? - მისი მთავარი უპირატესობა, ბევრისგან განსხვავებით, დივერსიფიცირებული ბაზარია. მესხური ღვინის საექსპორტო ფასი 15 ევროდან იწყება და ჯიშების და დაძველების მიხედვით იზრდება. ,,ღვინო ნატურალურია, პრემიუმ ხარისხისა და მაღალი ფასის. გარდა ამისა, ერთ ქვეყანაზე და ერთ ბაზარზე არ ვიყავი დამოკიდებული და ამიტომ შევძელი საქმიანობის გაგრძელება“.

როცა თბილისში მესხური ღვინო გამოფენაზე პირველად გაიტანა, დახლთან ქართველი მეღვინეებისა და უცხოელი იმპორტიორების რიგი დაუდგა. მათ მესხური ღვინის შესახებ არც კი სმენოდათ. სწორედ მაშინ გადაწყვიტა, ექსპორტზე რაც შეიძლება მეტი ღვინო გაეტანა. ,,ვცდილობდი, ყველა იმ ქვეყანაში თავად ჩავსულიყავი, სადაც ღვინის რეალიზაციას ვაპირებდი. ამის დამსახურებაა, ალბათ, ისიც, რომ თუკი სადმე ქართულ ვაზზე ან ღვინოზე საუბრობენ, იქ ჩვენი მარანიც არის ნახსენები. ცნობადობის გაზრდასთან ერთად, მესხურ ღვინოზე მოთხოვნაც გაიზარდა“.

ძველ მესხეთში მევენახეობისა და მეღვინეობის განვითარების შესახებ არქეოლოგიური გათხრების დროს აღმოჩენილი უამრავი ქვევრი და მარანი მეტყველებს. ასევე ვაზის უიშვიათესი ჯიშები, რამაც საუკუნეებს გაუძლო და აქამდე მოაღწია. მაგალითად ,,ცხენის ძუძუ თეთრი“, უძველესი ვაზის ხე, რომელიც ვარძიასთან ახლოს მდებარე ნასოფლარ ჭაჭკარში თითქმის ოთხ საუკუნეს ითვლის. ჭაჭკარში ჯერ კიდევ შემორჩენილია კლდეში ნაკვეთი ათეულობით საწნახელი იშვიათი ვაზის ჯიშებით, ტერასები, კლდეში გამოკვეთილი საცხოვრებელი დარბაზი და წმ.გიორგის სახელობის ეკლესია, ხალხური საცხოვრებლის ნიმუშები - მიწურბანიანი სახლები და მესხური დარბაზები. ისტორიულ სოფელს ასპინძის მუნიციპალიტეტში, 2016 წელს ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა.

ნათენაძეები, საკუთარი ბიზნესის აწყობასთან ერთად, მესხური კულტურის პოპულარიზაციასაც ცდილობენ. ამის ნაწილია ,,ჭაჭკარის განვითარების ფონდსა“ და ეროვნულ ბიბლიოთეკას შორის გაფორმებული მემორანდუმი, რომელიც მე-16 საუკუნემდე დაკარგული მესხური ისტორიის არქივების კვლევას გულისხმობს. ,,ღვინის და ვაზის კარია, ჭაჭის კარი. სწორედ ეს სოფელი ამარაგებდა ვარძიისა და ვანის ქვაბების მონასტერს სხვა პროდუქტებთან ერთად უნიკალური ღვინოებით. ჭაჭკარში ოთხი საუკუნის საოჯახო ვაზი გვაქვს, ალბათ ამ სიყვარულმა გვიბიძგა მესხური ვაზის ჯიშების წინ წამოწევისკენ. არასოდეს დამავიწყდება ჩემი პირველი ღვინო, სადაც სამი მესხური ვაზი - ცხენის ძუძუ თეთრი, მესხური საფერავი და მესხური ხარისთვალა წითელი გავაერთიანე. ცხენის ძუძუ თეთრი ჩემი მამა-პაპის სოფელ ჭაჭკარში იზრდება. ეს ვაზი ოთხ საუკუნეს ითვლის. შესანიშნავი ღვინო გამოვიდა - ჰარმონიული და დაბალანსებული. თუმცა, როგორ ხდებოდა მაშინ ღვინის დაყენება და რა ტრადიციები არსებობდა, სამწუხაროდ აღარ ვიცით“.

სამაგიეროდ, ოთხი შვილის მამამ იცის, რომ ქვეყანას ღვინის ტურიზმი გადაარჩენს. ძველ მესხეთში მეღვინეობის მაღალ დონეზე განვითარების შესახებ აღმოჩენილი მრავალი ღვინის ქვევრი, მარნები და წერილობითი წყაროები მეტყველებს. რეგიონში შემორჩენილია ტერასების ნაშთები, რომლებსაც წინაპრები ძირითადად ვაზისა და ხეხილის ბაღების გასაშენებლად იყენებდნენ.

,,ღვინის ტურიზმი ის აუცილებელი სეგმენტია, რომელმაც საქართველოში ტურისტი უნდა შემოიყვანოს. ქვევრის ღვინოს წინ წამოწევამ კი ქართულ ღვინოს მთელ მსოფლიოში პოპულარობა მოუტანა. ქვევრი ჩვენი მთავარი ნიშაა,რამაც მსოფლიოში ადგილი დაგვამკვიდრებინა - ის, რასაც უკვე მთელი მსოფლიო ეძებს. სხვადასხვა ქვეყნის უძლიერესი მეღვინეები ქვევრებს უკვეთავენ და ღვინოს ქართული წესით აყენებენ, ამით მსოფლიომ აღიარა ის, რომ საქართველო ღვინის აკვანია“.
მესხეთი არამხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოშიც კი მევენახეობისთვის ყველაზე მაღალმთიანი რეგიონია. ვაზი აქ ზღვის დონიდან 900 – 1700 მეტრ სიმაღლეზე ხარობს. მესხეთში დაბლარი ვენახებიც არსებობდა და მაღლარიც. თუმცა ძირითადად მაღლარი ხარობდა, რომელიც ჭერმის ხეზე იყო აშვებული. გიორგის ოცნება ვაზის ტერასები იყო, რომლის გაშენებაც ასპინძის მახლობლად 2015 წელს დაიწყო. უიშვიათესი ვაზის ჯიშები გააშენა ხიზაბავრის ტერასებზე. 400 წლის შემდეგ, 2018 წელს კი, პირველი რთველიც გამართა - ამერიკელი, ინგლისელი, ფრანგი და იტალიელი ტურისტების მონაწილეობით. გადმოცემის მიხედვით, ამ ტერასებზე მოწეული მოსავლით, ძირითადად, ვარძიას და თამარის ჯარს ამარაგებდნენ.

,,გაშენებული ვაზის უმეტესობა, ყოვლწლიურად იფუთება. აპრილის ბოლოს, როდესაც გაზაფხულის წაყინვებია, მთელ ტერიტორიაზე ხდება ნამჯაზე წივის დანთება, რომ ამ კვამლმა ის მინუს ტემპერატურა, რომელიც იმ ღამეს არის მოსალოდნელი, დაახშოს და ვაზი გაყინვას გადავარჩინოთ“.

კომპლექსური ობიექტი, რომელსაც გიორგი აშენებს, მარნის გარდა სასტუმროსა და რესტორანს გულისხმობს. სამსართულიანი შენობიდან ხედი ახალციხის ციხეზე იშლება, რომელიც რეგიონში მეღვინეობის განვითარების კიდევ ერთი დასტურია. სწორედ ამის გამო შეარჩიეს ეს ადგილი.

,,ტურისტებს აქ მთელი სეზონის ნახვა შეეძლებათ, ყურძნის დაკრეფიდან -დაწურვამდე. მარანში ნახავენ ქვევრში მორევის და დაღვინების, ასევე ჭაჭის გამოხდის პროცესს, მონაწილეობას მიიღებენ ღვინის ბოთლის ჩამოსხმაში. მოეწყობა რესტორანი, სადაც მესხური კერძების მოძიება-აღდგენაზე ვიმუშავებთ. ძალიან ბევრს ვმუშაობ მესხური კერძების პოპულარიზაციისთვის“.

,,გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთრის“ მიხედვით, მარტო ასპინძის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დაახლოებით 10-12 ათასი ტონა ყურძენი იკრიფებოდა, (მაშინ როცა ამჟამად კახეთში იკრიფება 250 ათასამდე ტონა).
დღეს კი გიორგი ნათენაძე ყველაზე მეტად თავს მსოფლიო აღიარებით იწონებს. ამბობს, რომ ამერიკულმა Forbes-მა საუკეთესო ღვინოებს შორის, ქართული მესხური, ფრანგული Bordeaux, შვეიცარული Diolle და ფრანგული Verdesse დაასახელა. Forbes 2020 წელს თავის მკითხველს მივიწყებული ყურძნის ჯიშებისგან დაყენებული ღვინის დაგემოვნებას და საქართველოში მოგზაურობას ურჩევდა.

როდის აღდგება პანდემიის გამო დაპაუზებული ეკონომიკა, თქმა უჭირს. თუმცა იმედოვნებს, რომ სწორი სტრატეგიის პირობებში, ტურიზმი საწყის მდგომარეობას ორ-სამ წელიწადში დაუბრუნდება. გიორგი ნათენაძის აზრით, ხელისუფლების პრიორიტეტი საბანკო პროცენტის სუბსიდირება კი არა, ქვეყანაში მაღალბიუჯეტიანი ტურისტის შემოყვანა უნდა იყოს.

აქვე გთავაზობთ ვაზის მესხური ჯიშების ჩამონათვალს:
ასპინძურა შავი, ახალციხური თეთრი,ბუდეშური წითელი, ბუდეშური თეთრი, ბეჟანა, თამარის ვაზი, თამარის თვალი, თავდაკიდული თეთრი, თავცეცხლა ვარდისფერი, კლერტმაგარა, კლდის წითელი, კაპნის წითელი, კლარჯული, მამლითვალა, მესხური შავი, მესხური საფერე, მესხური მწვანე, მესხური თითა, როკეთულა, საფარულა (საფარეული თეთრი), საწური, სამარიობო თეთრი, ჩიტისკვერცხა შავი, ჩიტისკვერცხა თეთრი, ჩიტისთვალა შავი, ცხენისძუა შავი, ცხენისძუა თეთრი, ცხენისძუძუ შავი, ცხენისძუძუ თეთრი, ხარისთვალა შავი, ხარისთვალა თეთრი, ჯავახეთურა.

| Print |