საზოგადოება
გიორგი ბრწყინვალეს და სამშობლოსათვის თავდადებულ გმირთა მემორიალის კონკურსი დასრულდა
ქალაქ ახალციხეში, გიორგი V ბრწყინვალეს ძეგლის ესკიზისა და „სამშობლოსათვის თავდადებულ გმირთა მემორიალის“ განსათავსებლად გამოცხადებული კონკურსები დასრულდა. მერიის ინფორმაციით, კონკურსის ფარგლებში, გიორგი V ბრწყინვალეს ძეგლის 13 ესკიზი წარადგინეს, ხოლო „სამშობლოსათვის თავდადებულ გმირთა მემორიალის“ - 8.

კონკურსზე წარმოდგენილი ნამუშევრები ხვალ, 2 მარტს 12 საათზე, ახალციხის საკრებულოს ადმინისტრაციული შენობის ფოიეში გამოიფინება და მისი დათვალიერება 10 მარტამდე იქნება შესაძლებელი.

გამარჯვებული ესკიზი მიმდინარე წლის 10 მარტს გამოვლინდება. პირველ ადგილზე გასული ავტორი განახორციელებს პროექტს, მეორე ადგილზე გასული მიიღებს ფულად ჯილდოს 1 500 ლარის ოდენობით, მესამე ადგილზე გასული პირი კი - 1 000 ლარს.

კონკურსები ტარდება თბილისის სკულპტორთა და არქიტექტორთა ასოციაციასთან აქტიური თანამშრომლობით.

შეგახსენებთ, რომ გიორგი V ბრწყინვალე - დემეტრე II თავდადებულისა და ნათელა ჯაყელის ძე. იგი სამცხეში პაპის, მანდატურთუხუცეს ბექა ჯაყელის კარზე იზრდებოდა.
გიორგი V-ემ თავისი მეფობის პერიოდში აღადგინა საქართველოს ერთიანობა, განამტკიცა სამეფო ხელისუფლება, იხსნა ქვეყანა სრული განადგურებისაგან და ააღორძინა მონღოლთა ბატონობისგან დაქცეული საქართველო. ამიტომ მადლიერმა შთამომავლობამ მას "ბრწყინვალე" უწოდა.

გიორგი ბრწყინვალეს ძეგლის დადგმაზე პრემიერ-მინისტრმა ახალციხეში 12 ოქტომბერს, "ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატის წარდგენისას ისაუბრა. გიორგი გახარიამ მაშინ აღნიშნა, რომ ქალაქში მეფის ძეგლი დაიდგმებოდა და ერთ-ერთ ქუჩას ბექა ჯაყელის სახელი დაერქმეოდა. ამ საკითხზე ტენდერი 28 დეკემბერს გამოცხადდა.

| Print |