საზოგადოება
დაზიანებული საკანალიზაციო ჭის გამო, მამაკაცი დაშავდა
71 წლის რობერტ პოზოიანი ადგილობრივ ხელისუფლებას მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურის გამო უჩივის. მოხუცი მამაკაცი კოსტავას ქუჩაზე არსებულ საკანალიზაციო ჭასთან წაიქცა. ამბობს, რომ არასწორად დამონტაჟებულ სახურავს ფეხი წამოკრა და დაეცა. მომხდარს გამო, ხელსა და ფეხზე მსუბუქი დაზიანებები მიიღო. ასევე დაემტვრა 350 ლარიანი მობილური ტელეფონი. 

,,მერიასა და წყალმომარაგების კომპანიაში დახმარების ნაცვლად მითხრეს, პროკურატურას მიმართეო. სად მაქვს მაგის ფული? დღეს მე დავზარალდი, ხვალ შეიძლება სხვა მოქალაქე ჩემზე უარეს დღეში აღმოჩნდეს, ვინ არის პასუხისმგებელი ამ ყველაფერზე? ვიღაცამ ხომ უნდა მიაქციოს ქალაქს ყურადღება“ - კითხულობს რობერტ პოზოიანი.

„საქართელოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში“ დაზარალებული პოზოიანის მიმართვის შემდეგ შემთხვევის ადგილზე გამაფრთხილებელი ნიშანი დადგეს, თუმცა აღნიშნავენ, რომ ტერიტორიაზე სამუშაოები არ ჩაუტარებიათ და ჭის დაზიანება მათ არ უაკვშირდებათ.

,,ბოლო პერიოდში ჩვენ არანაირი სამუშაო არ გვიწარმოებია მანდ. შეიძლება რომელიმე ადამიანმა ფეხი შემთხვევით წამოკრა, მაგრამ ეს რა ჩვენი ბრალია? მიუხედავად ამისა, შემთხვევის ადგილზე გავედით და გამაფრთხილებელი ნიშანიც დავდგით“, - აღნიშნავს ტექნიკური მენეჯერი გიორგი ლაცაბიძე.
| Print |