საზოგადოება
ახალციხეში 50-მდე ტრაილერს გადაადგილების უფლებას არ აძლევენ
სამი დღეა ახალციხეში, საბარგო სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე, 50-მდე სატვირთო ავტომობილია გაჩერებული. ისინი თურქეთიდან და სომხეთიდან, კარწახისა და ნინოწმინდის საბაჟოს გავლით შემოვიდნენ. მძღოლების თქმით, უმეტესობას რუსეთის გავლით უზბეკეთში ტვირთი გადააქვს. არ იციან მიზეზი, რის გამო შეფერხდნენ ახალციხეში. მძღოლებმა არც ის იციან, როდის მიეცემათ გადაადგილების ნებართვა. ვარაუდობენ, რომ გადაცილებულ დღეებზე ჯარიმა დაეკისრებათ.

რატომ არ აძლევენ გადაადგილების უფლებას მძღოლებს - შინაგან საქმეთა სამინისტროდან პასუხს ამ დრომდე ველით. არაოფიციალური ინფორმაციით, ტრაილერების გაჩერების მიზეზი უამინდობაა. დარიალის უღელტეხილზე ავტომობილების მოძრაობა შეფერხებულია. როდის მისცემენ მძღოლებს ტვირთის გადატანის უფლებას, ეს ამინდზეა დამოკიდებული.

| Print |