საზოგადოება
„სამუშაოები უხარისხოდაა შესრულებული“ - აუდიტი ადიგენის მერიაში
აუდიტის სამსახურმა დაადგინა, რომ ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიაში, შესრულებული სამუშაოების კონტროლის სისტემა ვერ უზრუნველყოფს სამუშაოების ხარისხს, ხოლო საგარანტიო პერიოდში ხარვეზების გამოვლენისა და გამოსწორების მექანიზმი არ ფუნქციონირებს.

"მერიამ ჩაიბარა 557 500 ლარის ღირებულების ისეთი ობიექტები, რომლებიც ნაწილობრივ დაზიანებულია და საჭიროებს დამატებით რეაბილიტაციას".

აუდიტის მიმდინარეობისას ჯგუფმა შერჩევით დაათვალიერა 2018-2019 წლებში მუნიციპალიტეტის მიერ დაფინანსებული ინფრასტრუქტურული პროექტები. 

2018 წელს მუნიციპალიტეტმა შეისყიდა სოფელ ბოლაჯურში სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების რეაბილიტაციის სამუშაოები, ღირებულებით − 118.4 ათასი ლარი. ხელშეკრულება ითვალისწინებდა შენობის პირველი სართულის სრულ რეაბილიტაციას და გარე ფასადის შეკეთებას.

მერიამ ობიექტი ჩაიბარა ექსპერტის მიერ გაცემული დადებითი დასკვნების საფუძველზე. ობიექტის ჩაბარების პროცესში ჩართული იყო აგრეთვე მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის განვითარებისა და ჩატარებული სამუშაოების კონტროლის მიზნით შექმნილი ინსპექტირების ჯგუფი, რომელმაც დაადასტურა შესრულებული სამუშაოს მოცულობების შესაბამისობა. მუნიციპალიტეტმა მიმწოდებელს აუნაზღაურა შესრულებული სამუშაოს ღირებულება. ობიექტის დათვალიერებით გაირკვა, რომ სამუშაოები შესრულებულია უხარისხოდ.

აუდიტის ობიექტს 2017-2019 წლებში შპს „ქრიზოლითი+“-თან გაფორმებული ჰქონდა ხელშეკრულება 50 ათას ლარზე მეტი ღირებულების ინფრასტრუქტურული ობიექტების საპროექტო და სამშენებლო სამუშაოების საზედამხედველო მომსახურებაზე, ღირებულებით – 547.2 ათასი ლარი. ხელშეკრულების პირობების მიხედვით, მიმწოდებელი ვალდებული იყო შესრულებული სამუშაოების ხარისხზე.

ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიაში დათვალიერებით გამოვლენილი დაზიანებული ინფრასტრუქტურული პროექტების საგარანტიო ვადები არ იყო გასული. მიუხედავად ამისა, მუნიციპალიტეტის შესაბამის სამსახურებს არ ჩაუტარებიათ ობიექტების მონიტორინგი, რაც მათ საშუალებას მისცემდა გამოეკვლიათ ხარვეზების მიზეზები და მიმწოდებლებისათვის მოეთხოვათ დაზიანებების გამოსწორება. აღნიშნული ობიექტებიდან მერიამ წარმოადგინა მხოლოდ სოფელ მლაშეში ამბულატორიის შენობაზე წარმოქმნილი დაზიანების აღმოფხვრის მიზნით მიმწოდებელზე გაგზავნილი წერილი, თუმცა დაზიანებები აღმოფხვრილი არ არის. შესაბამისად, მუნიციპალიტეტმა არ გამოიყენა ხელშეკრულებებით მინიჭებული უფლება და არ უზრუნველყო არსებული წუნის მიმწოდებელი ორგანიზაციების სახსრებით გამოსწორება.

აუდიტის დასკვნაში ადიგენის მერიისადმი სხვადასხვა რეკომენდაციებია გაცემული, რომლის მიხედვითაც მერიამ უნდა დანერგოს ისეთი კონტროლის მექანიზმები და პროცედურები, რომლებიც უზრუნველყოფს მაღალი რწმუნების მიღებას, რომ ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაოები სრულდება ხარისხიანად და ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. რეგულარულად აწარმოოს შესყიდული ობიექტების მონიტორინგი და ხარვეზების გამოვლენის შემთხვევაში, აამოქმედოს გარანტიის მექანიზმი ხარვეზების დროულად აღმოფხვრის მიზნით. აღნიშნული ხელს შეუწყობს ობიექტების გამართულ ფუნქციონირებას ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში.


აუდიტის შენიშვნებთან დაკავშირებით ადიგენის მუნიციპალიტეტის მერს ზაქარია ენდელაძეს დავუკავშირდით, თუმცა მას შემდეგ, როდესაც გაიგო რა საკითხზე ვრეკავდით, ტელეფონი გათიშა და ჩვენს ზარებს აღარ პასუხობს.
| Print |