საზოგადოება
„ადიგენის მერიამ ვერ უზრუნველყო ფინანსური რესურსების ეფექტური მართვა“ - აუდიტის დასკვნა
მუნიციპალიტეტმა 2018-2019 წლებში ვერ უზრუნველყო ბიუჯეტით დაგეგმილი პროექტების დროულად განხორციელება და დააგროვა თავისუფალი ნაშთი. აღნიშნული მიუთითებს მუნიციპალიტეტის მფლობელობაში არსებული ფინანსური რესურსების არაეფექტიან მართვაზე.

აუდიტის სამსახურმა ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიას რეკომენდაცია მისცა, ბიუჯეტი დაგეგმოს იმგვარად, რომ არ დაუშვას ნაშთის უკონტროლო დაგროვება და არსებული ნაშთი მიმართოს ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამების დასაფინანსებლად.

ადიგენის შემოსულობებმა 2018-2019 წლებში 20 მლნ. 182 ათასი ლარი, ხოლო გადასახდელებმა – 18 მლნ. 413 ათასი ლარი შეადგინა. მუნიციპალიტეტმა ვერ უზრუნველყო დაგეგმილი საბიუჯეტო პარამეტრების სრულად შესრულება.

აუდიტის დასკვნაში წერია, რომ საანგარიშო პერიოდში მუნიციპალიტეტი ფლობდა მნიშვნელოვანი მოცულობის საბიუჯეტო ნაშთებს. კერძოდ, 2018 წლის 1-ლი იანვრის მდგომარეობით, მუნიციპალიტეტს ბალანსზე ნაშთის სახით ერიცხებოდა 1,070.9 ათასი ლარი. მუნიციპალიტეტმა არსებული ნაშთიდან დაგეგმა 1,022.2 ათასი ლარის გამოყენება, თუმცა დააგროვა 1,259.0 ათასი ლარი. შესაბამისად, წლის ბოლოს დაფიქსირდა ნაშთი – 2,329.9 ათასი ლარის ოდენობით, საიდანაც 1,596.4 ათასი ლარი − თავისუფალი ნაშთია.

2019 წელს მუნიციპალიტეტმა არსებული ნაშთიდან დაგეგმა 2,291.9 ლარის გამოყენება, თუმცა წინა წლის მსგავსად დააგროვა 509.5 ათასი ლარი. საბოლოოდ, 2020 წლის 1 იანვრისთვის საბიუჯეტო ნაშთმა 2,839.4 ათასი ლარი შეადგინა, მათ შორის, 1,787.4 ათასი ლარი − თავისუფალი ნაშთია.
სწორედ ამ გარემოებების გათვალისწინებით აუდიტის სამსახურმა დაასკვნა, რომ ადიგენის მუნიციპალიტეტი არსებულ ფულად რესურსებს არაეფექტურად იყენებს.

| Print |