საზოგადოება
„ნინოწმინდაში საკრებულოს არათანამდებობის პირებზე 63.1 ათასი ლარი გაიცა“ - აუდიტი

 

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში აუდიტმა საკრებულოს წევრებზე დაუსაბუთებლად გაცემული ხაჯები დააფიქსირა. აუდიტის დასკვნაში წერია, რომ 2018-2019 წლებში საკრებულოს არათანამდებობის პირებზე ხარჯების ასანაზღაურებლად 63.1 ათასი ლარი გაიცა დოკუმენტური დადასტურების გარეშე. 

საკრებულოს სხდომებში, საკრებულოს კომისიებისა და ფრაქციების მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად, ამომრჩევლებთან შეხვედრების, აგრეთვე საკრებულოს წევრის სხვა უფლებამოსილების და ვალდებულების განხორციელების მიზნით, საკრებულოს წევრებს (გარდა თანამდებობის პირებისა) გაწეული ხარჯების ზღვრული ოდენობა განესაზღვრა ყოველთვიურად 400 ლარი.

წარმოდგენილი ინფორმაციის მიხედვით, საკრებულოს არათანამდებობის წევრებს 2018-2019 წლებში, ხარჯების ანაზღაურების სახით მიღებული აქვთ სულ 63.1 ათასი ლარი. მუნიციპალიტეტმა ვერ წარმოადგინა დოკუმენტური მტკიცებულებები საკრებულოს წევრების ხარჯების დასადასტურებლად.

"თანხების გაცემის საფუძვლად მითითებულია საკრებულოს თავმჯდომარის მოხსენებითი ბარათები საკრებულოს წევრებისათვის ხარჯის ანაზღაურების შესახებ. აღნიშნული დოკუმენტი არ აკმაყოფილებს ხარჯის დამადასტურებელი პირველადი აღრიცხვის დოკუმენტის კრიტერიუმს. შესაბამისად, საკრებულოს წევრებზე თანხების გაცემა ვერ ჩაითვლება წარმოშობილი ხარჯების ანაზღაურებად, რადგან საფუძვლად არ უდევს ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტი. აღსანიშნავია, რომ ანალოგიური ხარვეზი დაფიქსირებული იყო სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ ჩატარებულ წინა აუდიტის ანგარიშშიც. მიუხედავად ამისა, მერიას სათანადო რეაგირება არ განუხორციელებია და დარღვევა კვლავ ფიქსირდება".

მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს − საკრებულოს წევრი, გარდა თანამდებობის პირისა, თავის უფლებამოსილებას ახორციელებს სამსახურებრივი საქმიანობისაგან მოუწყვეტლად და უსასყიდლოდ. მას შეიძლება აუნაზღაურდეს უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯები, როგორიცაა, საკრებულოსა და კომისიის სხდომების, დროებითი სამუშაო ჯგუფების მუშაობაში მონაწილეობის მიღების, ამომრჩეველთან შეხვედრების, ასევე საკრებულოს და საკრებულოს თავმჯდომარის ცალკეული დავალების შესრულებისათვის საჭირო ხარჯები.
| Print |