საზოგადოება
90-იანებში დავბრუნდით - ადიგენში ერთი კვირაა უშუქობაზე ჩივიან
ადიგენის მუნიციპალიტეტის მაღალმთიანი სოფლების - ჭელას, ჭეჭლას, მოხეს მაცხოვრებლები ამბობენ, რომ ერთი კვირაა ელექტროენერგია ყოველდღიურად ითიშება. ადგილობრივების თქმით, დენი ხშირად, მთელი დღის განმავლობაში არ აქვთ და მიწოდება საღამოს ხდება. მოქალაქეების თქმით, ბოლო კვირის განმავლობაში მსგავსი მდგომარეობა ხეობის 15-მდე სოფელშია შექმნილი.

„ხელოსნები მყავს მოყვანილი, მთელი დღეა ვზივართ და ველოდებით როდის მოვა, რომ მუშაობა დავიწყოთ. მაცივარში პროდუქტი გვაქვს. როცა შუქი წავა, ხუთ წუთში მოდის მესიჯი, რომ ავარიული დაზიანების გამო გაითიშა და საღამომდე არ მოვა. წინასწარ მაინც მოგვწერონ სმს, რომ თადარიგი დავიჭიროთ. კომპანია ცალმხრივად არღვევს ხელშეკრულებას და გეგმავს ისე, როგორც მოესურვება“, - ამბობს ჭელას მკვიდრი ჯამბულ აბულაძე.

„ენერგო-პრო ჯორჯიაში“ ამბობენ, რომ ბოლო დროს გეგმური და ავარიული გათიშვები ერთმანეთს დაემთხვა და უშუქობამ სისტემატური ხასიათი ამის გამო მიიღო.

„სისტემაში სერიოზული პრობლემა არ გვაქვს. ბოლო პერიოდში ხშირია ავარიული გათიშვები, ძლიერი ქარი, წვიმა, რამაც შეიძლება გამართული ხაზი დააზიანოს, რასაც ჩვენ წინასწარ ვერ გავთვლით. ასეთი შემთხვევები მაქსიმალურად რომ შევამციროთ, ამისთვის გეგმურ სარეაბიალიტაციო სამუშაოებს ვაწარმოებთ. ბოლო კვირის განმავლობაში შესაძლებელია, გეგმურ სამუშაოებს ავარიული გამორთვები დაემთხვა, ამიტომაც მოხდა ელექტროენერგიის ხშირი შეზღუდვა“, - გვითხრეს კომპანიის პრესსამსახურში.

„ენერგო-პრო ჯორჯიაში“ ამბობენ, რომ ელექტროგადამცემი ხაზების პრობლემა არა მხოლოდ ადიგენში, არამედ მთელ საქართველოშია. მოძველებული სისტემის გამოცვლა კი თანდათანობით ხდება.
| Print |