საზოგადოება
ახალციხელი ექთანი ექსპერტიზის ბიუროდან სახლში ჩამოასვენეს
28 წლის მეგი ბაქრაძე, რომელსაც ვაქცინაციის შემდეგ ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა და გარდაიცვალა, ადიგენის სოფელ ქვემო ენთელში ჩამოასვენეს. სიკვდილის მიზეზის დასადგენად ცხედარს სამხარაულის ეროვნულ ბიუროში ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა, თუმცა ოჯახი გამოძიებას არ ენდობა და ალტერნატიული ექსპერტიზის ჩატარებას გეგმავს. გარდაცვლილის ახლობლები ეჭვობენ, რომ მეგი ბაქრაძეს ვაქცინაციის შემდეგ განვითარებულ გართულებაზე ახალციხის კლინიკა "იმედში" არასწორად უმკურნალეს. ოჯახმა ადვოკატიც აიყვანა.

"ახლა ველოდებით ადვოკატს, რომელმაც გვითხრა რომ დღესვე ჩამოვა და შევთანმდებით დეტალებზე. ექსპერტიზა აქვე ჩაუტარდება. დღეს საღამოს ჩამოვა მეგის დედაც, რომელიც იტალიაში ემიგრანტია", - განაცხადა tv9news.ge-სთან გარდაცვლილის მაზლმა მალხაზ კობახიძემ.

28 წლის ქალს სამშაბათს, 23 მარტს დაკრძალავენ.

მეგი ბაქრაძე კოვიდ-კლინიკაში მუშაობდა. ექთანი სამედიცინო პერსონალთან ერთად, 18 მარტს აიცრა. „ასტრაზენეკას“ ვაქცინის გაკეთების შემდეგ, სავარაუდოდ, გვერდითი რეაქცია - ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა. ექთანი თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მკურნალობდა, სადაც 19 მარტს გარდაიცვალა.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტის შესწავლა დაიწყო რეგულირების სააგენტომ, რათა დადგინდეს მიზეზ-შედეგობრივი კავშირი ახალგაზრდა ქალის მძიმე მდგომარეობასა და ვაქცინას შორის. შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.
| Print |