საზოგადოება
ახალციხეში 3 300-მდე აბონენტი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა
ახალციხის 18 სოფელი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. 3 300-მდე აბონენტს დენი გამთენიისას გაეთიშა. „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, უამინდობის გამო მუნიციპალიტეტში სამი ფიდერია გათიშული. გამთენიისას უხვმა ნალექმა ელექტროგადამცემი ხაზები და ბოძები დააზიანა.

ელექტროენერგია არ მიეწოდება ურავლის ზონაში 1 000 აბონენტს, სხვილისის თემის 1 300 ოჯახს და ბოგას მიმდებარე სოფლების 1 000-მდე აბონენტს.

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ახალციხის ოფისში ამბობენ, რომ ურაველში, სკოლასთან მოტეხილია ელექტროგადამცემი ანძა. დამტვრეულმა ხეებმა კი სადენები დაწყვიტა.
„რეაბილიტაცია დილიდანვე დავიწყეთ. ბოგის ფიდერი უკვე ჩართულია. ამ წუთებშიც მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები სხვილისისა და ურაველის მიმართულებით. ელექტროენერგიის მიწოდება სავარაუდოდ, დღის განმავლობაში მოხდება“,
- განაცხადა უბნის მენეჯერმა ია ნათენაძემ. 

ურაველის ზონაში ელექტროენერგიის გარეშეა ექვსი სოფელი - ხეოთი, წყორძა, მუსხი, ჭაჭარაქი, მინაძე, ურაველი;

ბოგას ფიდერზეა რვა სოფელი - სვირი, ბოგა, ტატნისი, ძირა, ანი, ჭვინთა, წყრუთი და ელიაწმინდა;

სხვილისის თემის ოთხი სოფელი - ივლიტა, პატარა პამაჯი, ზემო და ქვემო სხვილისი.

| Print |