საზოგადოება
მომხმარებლის გარეშე დარჩენილი ახალციხის ბაზარი
კვირა დღეს ახალციხეში, სხვაგვარად ბაზრის დღესაც უწოდებენ. სოფლის მოსახლეობას მოწეული მოსავალი ქალაქში გასაყიდად ჩამოაქვს. აღებული ფულით სახლში ამოწურული მარაგის შევსებას ცდილობს. თუ პროდუქტი კარგ ფასში გაიყიდა, ბავშვებისთვის ტკბილეულის ყიდვაც შეიძლება. ამისთვის კი სიცივესა თუ სიცხეში, მოქალაქეები ღია ცის ქვეშ საათობით დგანან და კლიენტს ელოდებიან.

სოფლიდან ახალციხის ბაზარში, კვირაობით ჩამოსულ მოსახლეობას, მაღაზიაში ფასები ყოველთვის შეცვლილი ხვდება. გაძვირებული პროდუქტის მიუხედავად, მოწეულ მოსავალს იგივე ფასში ჰყიდიან, რათა მათი წაღება უკან არ მოუწიოთ. მესხი ფერმერების მდგომარეობა პანდემიამ კიდევ უფრო გაართულა. მესხეთში ფიქრობენ, რომ გამოსავალი მხოლოდ ერთია - სახელმწიფომ საზღვარგარეთიდან იმ პროდუქტების შემოტანა უნდა შეზღუდოს, რომელიც საქართველოში მოჰყავთ. იმპორტირებული პროდუქცია კი ადგილობრივებს მოსავლის რეალიზაციაში ხელს უშლით.
ყოველკვირეული რუტინა ვალეში მცხოვრები რამაზ ხითარიშვილისთვის, ახალციხის აგრარულ ბაზარში კომბოსტოს, კარტოფილისა და ჭარხლის გაყიდვაა. 15 მეასედ მიწის ნაკვეთში 10 ტონამდე კომბოსტო, ხუთ ტონამდე კარტოფილი და ჭარხალი მოჰყავს. ამბობს, რომ პანდემიის გამო შექმნილი ვითარების შედეგად გლეხის პროდუქტი გაიაფდა, იმპორტირებული პროდუქტი კი გაძვირდა. მდგომარეობას უფრო მეტად ართულებს ის ფაქტი, რომ მოსახლეობის ნაწილმა სამსახური და შესაბამისად შემოსავალი დაკარგა.

,,ხალხს ძალიან უჭირს, ხშირად 5-10 თეთრად ვატან ყველაფერს, რადგან მეტის შეძენის საშუალება არ აქვთ. ძალიან ჭირს გაყიდვა. წელს ტონობით მოსავალი დამილპა, არც მყიდველია და არც მჭამელი, რა ვქნა?" - წუხს რამაზ ხითარიშვილი.
ეკონომიკური კრიზისის გამო ბანკში აღებულ სესხს ვეღარ ფარავს. ამბობს, რომ სახელმწიფო უნდა დაეხმაროს ფერმერებს, წინააღმდეგ შემთხვევაში სოფლებში დაკეტილი სახლების რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება.

,,პარლამენტში მხოლოდ აყალ-მაყალია, ერთმანეთთან ჩხუბს უნდებიან. ასე როგორ შეიძლება, გლეხებს არაფერში ეხმარებიან, არადა პარლამენტში ჩვენი ინტერესების დასაცავად შევიდნენ“ - ამბობს რამაზ ხითარიშვილი.
ვალიდან ახალციხის აგრარულ ბაზარში, პროდუქციის გასაყიდად, თითქმის ყოველდღე დადის 64 წლის ნიკოლოზ გაბელაშვილი. ყოველწლიურად ტონობით მოსავალი მოჰყავს, მაგრამ მეორე წელია მის გაყიდვას ვეღარ ახერხებს. ამბობს, რომ პანდემიის გამო მოსახლეობის დიდმა ნაწილმა სამსახური დაკარგა ან შემოსავალი შეუმცირდა, რის გამოც ბაზარში მყიდველთა რაოდენობა განახევრდა.

,,კომბოსტო გვილპება, ვეღარაფერს ვყიდით. არადა ყველაფერი გაძვირდა - პური, ზეთი, შაქარი, ფქვილი. შემოსავალი სულ უფრო მცირდება, ყოველი დღის გათენების გვეშინია. ხალხი კაპიკებს ითვლის, რომ პროდუქტი იყიდოს“ - წუხს ნიკოლოზ გაბელაშვილი.
ტყლაპის, ჩურჩხელის, არყის ან გარჩეული ნიგვზის ყიდვა თუ გსურთ, ბაზრის გასასვლელთან 76 წლის ასპინძელ ბებოს უნდა ესტუმროთ. ახალციხის ბაზარში ისიც ყოველ კვირას ჩამოდის. მოხუც ცოლ-ქმარს აღებული პენსია გაძვირებული პროდუქტებისა და მედიკამენტების შესაძენად არ ჰყოფნის. ამის გამო იძულებულნი არიან საკუთარ ეზოში მოყვანილი მოსავალი გაყიდონ და თავი ამით ირჩინონ.
,,შარშანდელთან შედარებით ყველაფრის ფასი გაორმაგებულია, მე კიდევ არაფერი გამიძვირებია. ხალხი ისედაც ვეღარაფერს ყიდულობს, ცხოვრება ისე გაძვირდა“.
ადიგენის სოფელ ხარჯამიდან ყოველ კვირას, მეუღლესთან ერთად ახალციხის ბაზარში, მამუკა მაღლაკელიძეც ჩამოდის. შვიდი შვილის მშობლები დახმარებას იღებენ, მაგრამ აღებული თანხა ხშირ შემთხვევაში შვილებისთვის საჭირო მედიკამენტების საყიდლად არ ჰყოფნით. შვიდიდან ხუთ მათგანს გენეტიკური დაავადება აქვს. მაღლაკელიძეებს საკუთარი მიწის ნაკვეთი არ აქვთ, ამიტომ ქირაობენ და მოყვანილ პროდუქციას გამქირავებელს უყოფენ. დარჩენილ მოსავალს ახალციხეში ყიდიან და აღებული თანხით, მრავალსულიანი ოჯახისთვის ყოველდღიური მოხმარების პროდუქტებს ყიდულობენ.

"ოჯახში ბევრნი ვართ, ყველაფერი გაძვირდა და ელემენტარულ პროდუქტებსაც ვეღარ ვყიდულობთ, სახელმწიფოს დახმარება არაფერში გვყოფნის. ცხოვრება ყოველდღე უარესდება“, - წუხს მამუკა მაღლაფერიძე.
ეროვნულ - დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 38% ამბობს, რომ უმუშევარია, 29% ნახევარ განაკვეთზე მუშაობს, 14% კი თვითდასაქმებულია. კვლევა 2020 წლის 17 – 24 დეკემბრის პერიოდში ჩატარდა.

მომზადებულია საქართველოს ღია საზოგადოების ფონდისა, და საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრის (GCSD) ფინანსური მხარდაჭერით. ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდისა და ცენტრის პოზიციას. შესაბამისად, ღია საზოგადოების ფონდი და საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრი არ არიან პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
| Print |