საზოგადოება
ვალეში ბუნებრივი აირი აფეთქდა
ახალციხის ქალაქ ვალეში, ქალს სავარაუდოდ, გაზის ქურა აუფეთქდა. შემთხვევა დღეს, 1-ელ აპრილს, 06:30 საათზე მოხდა. დაშავებული ჯერ ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში შეიყვანეს, სადაც პირველადი დახმარება აღმოუჩინეს, შემდეგ კი კატასტროფის ჯგუფმა თბილისში, დამწვრობის ცენტრში გადაიყვანა. 48 წლის ქალის მდგომარეობა მძიმეა, მას სხეულის 20% აქვს დამწვარი. 

"სავარაუდოდ, გაზის აფეთქების შედეგად აქვს მიღებული სხეულის თერმული დამწვრობა. დამწვარი აქვს თავი, ორივე მტევანი, წინა მხარე. ამას ემატება სასუნთქი გზების თერმულ-ინჰალაციური დაზიანება და დამწვრობითი შოკი. მდგომარეობა მძიმეა, მოთავსებულია რეანიმაციულ განყოფილებაში",
- გვითხრა დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა გუგა ქაშიბაძემ. 

დაშავებული"სოკარის" აბონენტია. კომპანიის პრესსამსახურში ამბობენ, რომ გაზის აალება მოხდა, შემთხვევის ადგილს კი სპეციალისტები შეამოწმებენ. 

"დილით, როცა ქალბატონმა გაზი აანთო, დაგროვილი აირი აალდა. როგორც ვიცი, ხელებზე აქვს დაზიანება მიღებული, ამ ეტაპზე ექსპერტიზა ჯერ არ ჩატარებულა", - გვითხრა ნინო დიასამიძემ.

შსს-მ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 240 პრიმა მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტის განლაგების, დაპროექტების, მშენებლობის ან ექსპლუატაციის დროს უსაფრთხოების წესების დარღვევას, რასაც მოჰყვა ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება ან რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. 

ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.
| Print |