საზოგადოება
აბასთუმნის ობსერვატორია ერთადერთი ტელესკოპის იმედად
უკვე 10 – 15 წელია აბასთუმნის ასტროფიზიკურ ობსერვატორიაში ცას დაახლოებით ათი თანამშრომელი ერთადერთი ტელესკოპით აკვირდება. თანამშრომლები აცხადებენ, რომ ობსერვატორიაში ტელესკოპები გაფუჭებულია და ამის გამო ბევრ პროექტზე მოუწიათ უარის თქმა, რის გამოც დაკარგეს სამეცნიერო საგრანტო პროექტები.

ამჟამად ობსერვატორიაში ათიდან ცხრა ტელესკოპი უფუნქციოა. ერთადერთ ტელესკოპზე დაკვირვებას კი ობსერვატორიის ყველა თანამშრომელი მონაცვლეობით ახერხებს. აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორიის მეცნიერ-თანამშრომელი გივი ქიმერიძე აცხადებს, რომ ტელესკოპების უფუნქციობის გამო გარკვეულ პროგრამებზე ობსერვატორიამ უარი თქვა.

„ერთადერთი ტელესკოპი მუშაობს, დანარჩენები რომ ნახოთ, გაგეცინებათ. მთელი ღამეების განმავლობაში დაკვირვება მხოლოდ და მხოლოდ ერთადერთი ტელესკოპის საშუალებით მიმდინარეობს. ძალიან რთული მდგომარეობაა, ამის გამო ბევრი თანამშრომელი უსაქმოდ არის, უნდათ მუშაობა, მაგრამ საშუალება არ ეძლევათ“, - აცხადებს აბასთუმნის ობსერვატორიის მეცნიერ-თანამშრომელი გივი ქიმერიძე.

ობსერვატორიაში ყველაზე ძლიერი ტელესკოპი აზეტე 11 - ია, რომელსაც სარკე, გუმბათი და სხვა მნიშვნელოვანი ნაწილები გამოუსადეგარი აქვს. ის უკვე 15 წელია უფუნქციოდაა. ობსერვატორიის დირექტორი აცხადებს, რომ ტელესკოპების პრობლემა არსებობს, მაგრამ დირექცია ყველანაირად ცდილობს პრობლემის მოგვარებას, თუმცა ყველაფერი დიდ ფინანსებთანაა დაკავშირებული.

„მიმდინარეობს მოლაპარაკებები და იმედი მაქვს ტელესკოპების მუშაობის აღდგენა მოხერხდება. სპეციალური კომისია სწავლობს შესაძლებლობებს, თუ როგორ შეიძლება პრობლემების მოგვარება, ყველაფერი სავარაუდოდ ზაფხულში გაირკვევა“, - აცხადებს აბასთუმნის ოსერვატორიის დირექტორი რევაზ ჭანიშვილი.

ობსერვატორიის დირექტორმა ჯერ არ იცის საიდან მოიძიებს იმ თანხებს, რომელიც ტელესკოპების შესაკეთებლად არის საჭირო.

აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორია განათლების სამინისტროს ექვემდებარება, შესაბამისად საკითხის გარკვევა სწორედ მათთან ვცადეთ, თუმცა უწყებაში ჩვენს ზარებს არ პასუხობენ.

| Print |