საზოგადოება
ცხოვრება სასაფლაოს მეზობლად
ადიგენის რაიონის სოფელ ხარჯამში, სასაფლაოსთან ახლოს მდებარე, პატარა ფიცრულში მაღლაკელიძეების შვიდშვილიანი ოჯახი ხუთი წელია ცხოვრობს. ოჯახს ფართი თავიდან მერიამ გამოუყო, მაგრამ მოგვიანებით დააცლევინა და ახლა მათ პატარა სახლში ტელევიზიის, ინტერნეტის, წყლისა და ელემენტარული პირობების გარეშე უწევთ ცხოვრება.
მაღლაკელიძეების ოჯახს თავი რომ ერჩინა, სოფელ ხარჯამში სახლთან ერთად მიწის ნაკვეთი იქირავა, რომელშიც თვეში 200 ლარს იხდის. კარტოფილი, ხახვი, ლობიო და მწვანილი ის პროდუქტია, რომელიც წლიდან წლამდე მოჰყავთ. მოწეულ მოსავალს სამ ნაწილად ჰყოფენ - სახლისთვის, გათხოვილი შვილებისა და ბაზრისთვის. მოყვანილ პროდუქტს ნინო ჟვანია მეუღლესთან ერთად ყოველ კვირას ახალციხეში ჰყიდის და ბაზრიდან აღებული თანხით სახლისთვის აუცილებელ ნივთებს ყიდულობს. შესაძენი პროდუქტების სია კი გაზრდილ ფასებთან ერთად მცირდება.

„ბავშვებს ტანსაცმელსაც ვეღარ ვყიდულობთ, ვიფიქრე ნისიად ავუღებდი მაღაზიაში, მაგრამ ყველაფერი ისეა გაძვირებული, მერე როგორ უნდა გადავიხადო. ავადმყოფობის გამო ბიჭები ვერაფერს სწავლობენ, ვერ ლაპარაკობენ, კითხვა და ხელის მოწერაც კი არ შეუძლიათ. გოგონა მეცოდება, სწავლა უნდა და ტანსაცმლის არქონის გამო სკოლაში ვერ დამყავს“ - ამბობს ოჯახის დიასახლისი ნინო ჟვანია.

მაღლაკელიძეები 2012 წელს ზესტაფონიდან ადიგენში მძიმე სოციალურ პირობებსა და შიმშილს გამოექცნენ. შემოსავლის გარეშე მყოფ ოჯახს იმედი ჰქონდა ვარხანში მიწას დაამუშავებდა და საკვები მაინც გაუჩნდებოდათ, თუმცა უშედეგოდ. სამცხეში ჩამოსულმა მამუკა მაღლაკელიძემ ადგილობრივისგან მიწის ნაკვეთთან ერთად სახლიც იქირავა, რომელშიც ყოველთვიურად ჯამში 200 ლარს იხდის. პატარა ფიცრულში, წვიმის დროს წყალი ყველა ოთახში ჩადის და არც სითბო ნარჩუნდება. 47 წლის ოჯახის უფროსს, მეპატრონემ შემოდგომისთვის ბინის დაცლა მოსთხოვა, მათ კი წასასვლელი არსად აქვთ.

„სხვაგან სად უნდა წავიდეთ, არვიცი. იქნება სადმე ქოხი ვნახოთ და შევძვრეთ, მეტი რა გზა გვაქვს, რამდენჯერმე ვთხოვე სოფლის გამგებელს, რამე ფართი მოეცათ, მაგრამ ჩემს მაგივრად იქ სხვა შეუშვეს“ - აცხადებს მამუკა მაღლაკელიძე.

თავის გასატანად, მშობლებთან ერთად ბავშვებიც შრომობენ. ძირითადად ფერმებს ალაგებენ და თვეში 100 ლარამდე თანხას გამოიმუშავებენ. ნახირშიც დადიან და ზამთრისთვის შეშის საყიდელ თანხას აგროვებენ.
„ეს ზამთარი ძლივს გადავაგორეთ, სახლში ყველაფერი თოვლით და წყლით გვევსება, ღუმელიც ოთახიდან ოთახში დაგვქონდა. ამ ყველაფერს პანდემია დაემატა. კორონავირუსი ოჯახში ყველას შეგვხვდა“ - წუხს მამუკა მაღლაკელიძე.

ოჯახში ხუთი შვილი და მშობლები ცხოვრობენ, მათგან სამი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია. პანდემიის გამო გაკვეთილები რომ არ გაეცდინათ, უფროსმა დამ პატარებს მობილური ტელეფონი განვადებით გამოუტანა, თუმცა ინტერნეტის შესაძენად ხშირად თანხა არ ჰქონდათ, რის გამოც ონლაინგაკვეთილებს ძირითადად ვერ ესწრებოდნენ.

ონლაინგაკვეთილებში ვერ მონაწილეობდა, თუმცა მაღლაკელიძეების 13 წლის გოგო სკოლაშიც ვერ დადის. დედა ფიქრობს, რომ ამის მიზეზი ოჯახის სოციალური პირობებია.

„ყველაზე მეტად ქართულისა და ისტორიის გაკვეთილები მიყვარს, მაგრამ სკოლაში ვეღარ დავდივარ, რადგან ტანსაცმელი არ მაქვს. ჩემი კლასელები არ მეგობრობენ ჩემთან, არც მეთამაშებიან“ - ამბობს მეშვიდეკლასელი მოსწავლე.

13 წლის გოგო დროს ძირითადად შშმ ძმებთან ერთად ატარებს. როდესაც ბავშვები შეშის დაჩეხვას, დაბარვას და სხვა საქმეებს დაასრულებენ, ეზოში თამაშით ირთობენ თავს.
მაღლაკელიძეების ოჯახის დიასახლისის თქმით, მათი ერთადერთი შემოსავალი მეზობლების დახმარება და ავადმყოფი შვილების პენსიაა. ბავშვების დახმარებას დღემდე იღებენ, მაგრამ აღებული თანხა წამლებშიც არ ყოფნით.

ნინო ჟვანია შვილების პენსიას და კვირაობით ბაზარში აღებულ თანხას ძირითადად წამლებსა და სახლის ქირაზე ანაწილებს. წამლები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე სამ შვილსა და მეუღლეს ჭირდება, რომელსაც ჰიპერტონია და გული აწუხებს.
მაღლაკელიძეების მძიმე ყოფაზე ადიგენის მერიაში კარგად იციან. სოფელში მერის წარმომადგენელი განმარტავს, რომ ოჯახი სოციალურ დახმარებას იღებს, გარდა ამისა სასურსათო პაკეტებიც გადაეცემა. მანანა ლიპარიშვილის თქმით, მაღლაკელიძეები ,,არც ისე ცუდ პირობებში ცხოვრობენ“, სახლი აქვთ ნაქირავები, რის გამოც ამ ეტაპზე მათთვის საცხოვრებლის მოძიების საჭიროებას ვერ ხედავს.

„ყველა დახმარება რაც მოდის, გადაეცემა მაღლაკელიძეების ოჯახსაც. დაახლოებით ერთი თვის წინ გადავეცით პროდუქტი - ფქვილი,ზეთი, ბურღულეული და ა.შ“, - ამბობს მანანა ლიპარიშვილი.

მაღლაკელიძეები ადგილობრივი ხელისუფლებისგან პატარა შენობის გადაცემას ითხოვენ, რათა ქირის ფულის დაზოგვა შეძლონ. ოჯახის უფროსი იმედოვნებს, რომ ასეთ შემთხვევაში შეძლებს ცოლ-შვილი ისეთ პირობებში აცხოვროს, სადაც არც წვიმა შეაწუხებთ და არც ქვეწარმავალი.

მომზადებულია საქართველოს ღია საზოგადოების ფონდისა, და საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრის (GCSD) ფინანსური მხარდაჭერით. ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდისა და ცენტრის პოზიციას. შესაბამისად, ღია საზოგადოების ფონდი და საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრი არ არიან პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
| Print |