საზოგადოება
წყალდიდობა უკანონო მშენებლობებმა გამოიწვია - ბაკურიანელები

 

დაბა ბაკურიანში, წერეთლის ქუჩაზე მომხდარი წყალდიდობის შედეგად დაზარალებულები აცხადებენ, რომ სტიქიის მთავარი მიზეზი უკანონო მშენებლობებია.

ადგილობრივების თქმით, კურორტზე ბინებისა და სასტუმროების მშენებლობა ქაოტურად ხდება და პროცესს თვითმმართველობა არ აკონტროლებს, ამის გამო, სახლები სანიაღვრე არხებს დააშენეს, რომელმაც მოვარდნილი წყალი ვეღარ გაატარა. გარდა ამისა, სანიაღვრე არხები მოუწესრიგებელი და გასაწმენდია.

უკანონო მშენებლობების შესახებ 2018-2019 წლების აუდიტის ანგარიშშიც წერია.

"სათანადოდ არ ფუნქციონირებს უკანონო მშენებლობების აღმოჩენისა და მათზე რეაგირების კონტროლის სისტემა. შედეგად, დაბა ბაკურიანში კერძო პირების მიერ მშენებლობების უკანონოდ წარმოება სისტემურ ხასიათს ატარებს. თავის მხრივ, მერია მშენებლების მიმართ არ ატარებს კანონმდებლობით განსაზღვრულ სათანადო ღონისძიებებს".

ბაკურიანში უკანონო მშენებლობების საკითხის გარკვევა ბორჯომის მერთან დავით ზაალიშვილთან და მის მოადგილესთან იოსებ რაზმაძესთან ვცადეთ. მერმა ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხა. მოადგილემ კი, მას შემდეგ, როცა საკითხის შესახებ მოისმინა, ტელეფონი გაგვითიშა.

ბორჯომის მერიის პრესსამსახური საკითხის გარკვევას დაგვპირდა, შემდეგ კი მოკლე ტექსტური შეტყობინება მოგვწერა, რომ ამ საკითხზე თვითმმართველობა კომენტარს არ გააკეთებდა.

11 აპრილს უხვი ნალექის გამო, დაბა ბაკურიანში რამდენიმე საცხოვრებელი სახლი და სასტუმრო 11 აპრილს დაიტბორა. მთიდან მოვარდნილი წყალი სანიაღვრე არხებმა ვეღარ გაატარა და წერეთლის ქუჩაზე პრობლემები შექმნა. ნალექმა სასტუმრო „ნოელის" ღობე დაანგრია და ეზო დატბორა, დაზიანდა ასევე შენობის სამრეცხაო და საცხოვრებელი კოტეჯები.
| Print |