საზოგადოება
"ცუდი კი არა, დაბომბილი გზებია" - ახალციხეში დაზიანებულ ასფალტზე ჩივიან
ახალციხეში ამორტიზებულ ცენტრალურ ქუჩებზე ჩივიან. მოუწესრიგებელ ინფრასტრუქტურას განსაკუთრებით, მძღოლები აპროტესტებენ. ადგილობრივები უკმაყოფილებას იმის გამო გამოთქვამენ, რომ ცენტრალურ გზას ყოველ წელს უტარდება რეაბილიტაცია, თუმცა მალევე ზიანდება.

„ცუდი კი არა, დაბომბილი გზები რომ იყო, ისეთი გზებია ახლა ახალციხეში. იმხელა ორმოებია, ყოველ მეორე დღეს სარემონტოდ უნდა წაიყვანო მანქანა. გზებს შეკეთება რომ უნდა ფაქტია, მაგრამ სამცხე-ჯავახეთი არის მკაცრი კლიმატის რაიონი, ამიტომ ბეტონის გზა უნდა დაიგოს, თორემ გაკეთდება და ისევ გაფუჭდება, ასე სადამდე უნდა იყოს?“- ამბობს მალხაზ სააკაშვილი.

„ქალაქში სულ მიწევს გადაადგილება და ძალიან ცუდი გზებია, ვერიდები იმ გზაზე სიარულს, სადაც ვიცი, რომ ორმოებია“, - ამბობს ადგილობრივი რომან გიგოლაშვილი.

ახალციხეში სხვადასხვა სახის სარეაბილიტაციო სამუშაოები გასულ წელს მიმდინარეობდა, თუმცა ქალაქში მაინც შევხვდებით მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურას ცენტრალურ ქუჩებში.

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიაში ამბობენ, რომ პრობლემის შესახებ მათთვის ცნობილია. ქალაქის ცენტრალურ გზებზე ორმული შეკეთება გამოამინდების შემდეგ არის დაგეგმილი.

"კლიმატური პირობების გაუმჯობესების შემდეგ, ქალაქის შიდა საავტომობილო გზებზე არსებული ორმულები ეტაპობრივად მოწესრიგდება", - გვითხრეს მერიის პრესსამსახურში.

ახალციხეში, რუსთაველისა და კეცხოველის ქუჩების რეაბილიტაცია 2019-2020 წლებში განხორციელდა. პროექტზე 1 554 321 ლარი დაიხარჯა.
| Print |