საზოგადოება
არა ნამახვანჰესს - ახალციხეში დაგეგმილი სოლიდარობის აქცია გაუქმდა
ახალციხეში დაგეგმილი აქცია, სადაც რიონის ხეობის მცველებისთვის სოლიდარობა უნდა გამოეცხადებინათ - გაუქმდა. ერთ-ერთი ორგანიზატორის თქმით, მიზეზი მოლაპარაკებების პროცესია, რომელიც აქციის მონაწილეებსა და ხელისუფლებას შორის დაიწყო და არ უნდათ, აქციით ამ პროცესს ხელი შეუშალონ. 

თუმცა, მსურველები ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეებს სოლიდარობას სხვა ფორმით გამოუცხადებენ და ონლაინ გაამხნევებენ. 

„ჩვენს გთავაზობთ სახეცვალს, მას ვისაც სურდა მხარდაჭერის გამოხატვა, ვთხოვთ ფურცელზე დაწეროს „სოლიდარობა რიონის ხეობის მცველებს“ ახალციხე“ და განათავსოს სოციალურ ქსელში - facebook-ზე, ფოტოს აღწერილობაში მიუთითოს #სოლიდარობა რიონის ხეობის მცველებს“, - წერს სოციალურ ქსელში ერთ-ერთი ორგანიზატორი თაკო გუგუნავა.

სოლიდარობის აქცია 17 აპრილს, 14:00 საათზე შოთა რუსთაველის ძეგლთან იყო დაგეგმილი. ადგილობრივი ახალგაზრდების მიზანი, რიონის ხეობის მცველების მხარდაჭერა იყო. 

შეგახსენებთ, რომ რიონის ხეობაში ნამახვანჰესის აშენების წინააღმდეგ მიმართული საპროტესტო აქციები თითქმის, ექვსი თვეა მიმდინარეობს.

საინიციატივო ჯგუფს აქვს ოთხი ძირითადი მოთხოვნა:
  1. გაწყდეს 2019 წ. 25 აპრილს ხელმოწერილი ხელშეკრულება საქართველოს მთავრობასა და კომპანია „ენკა რინიუებლზს“ შორის მდინარე რიონზე დაგეგმილი ნამოხვანის ჰესების კასკადის მშენებლობის შესახებ და კომპანიამ დატოვოს რიონის ხეობა;
  2. გაუქმდეს საქართველოს მთავრობის 2019 წლის 21 ნოემბრის #2405 განკარგულება "სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს "ენკა რინიუებლზისათვის" აღნაგობის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემისა და პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ;"
  3. გაუქმდეს ნამოხვანის ჰესების კასკადზე 2015 წელს გაცემული სამშენებლო ნებართვა და ყველა სხვა მასზე დაფუძნებული დოკუმენტი;
  4. თანამდებობიდან გადადგეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა.
ორგანიზაცია EMC ამბობს, რომ ხელისუფლებამ ინვესტორს ტერიტორია 99 წლით, სიმბოლურ ფასად გადასცა. ამასთან, შეთანხმებაში არის პუნქტი, რომ კომპანიას უფლება აქვს, 15 წლის შემდეგ საქართველოს ელექტროენერგია არ მიაწოდოს.

ორგანიზაციის მოკვლევით, ჰესის აშენების შემთხვევაში, ნამახვანის ჰესების კასკადი საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ განხორციელებული ყველაზე დიდი ენერგეტიკული პროექტი გახდება საქართველოს ტერიტორიაზე. კასკადი ორი ჰესისგან შედგება და მათი საერთო სიმძლავრე 430 მეგავატს აღემატება. პროექტში, რომლის მთლიანი ღირებულება 700 მილიონ დოლარს აჭარბებს, რამდენიმე საერთაშორისო ინვესტორი და სამშენებლო კომპანია მონაწილეობს. არსებული პროექტი მოიცავს 15 კილომეტრის სიგრძის ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობასაც.

EMC ამბობს, რომ პროექტის მასშტაბურობიდან გამომდინარე მაღალია მისი პოტენციური ზეგავლენა ადგილობრივ სოციალურ და ბუნებრივ გარემოზე, ისევე როგორც ზეგავლენასთან დაკავშირებული რისკები. დასატბორ ტერიტორიაში ხვდება 110 ოჯახი, რომლებიც შესაძლოა გამოასახლონ. ზეგავლენის არეალში ექცევა 20-მდე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, რამდენიმე სოფელი და 10-ზე მეტი არქეოლოგიური ობიექტი.

კასკადი მდინარე რიონის ხეობაში ორი კაშხლის აგებას ითვალისწინებს - ერთის სიმაღლე, სოფელ ტვიშთან, 50 მეტრს აღემატება, მეორის, წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, 111 მეტრს შეადგენს.
| Print |