საზოგადოება
„ზარალი რამდენიმე ათასი ლარია“ - ბექა ბარამიძე ღრელის ტაძარზე
ახალციხეში, სოფელ ღრელის მიმდებარე ტერიტორიაზე, წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის დაწვასთან დაკავშირებით გამოძიება ჯერ არ დასრულებულა. კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოში აცხადებენ, რომ ტაძარს ძეგლის სტატუსი არ გააჩნია. ბექა ბარამიძის განმარტებით,  მხოლოდ ტაძრის სახურავი დაზიანდა და ზიანი არც ისე ბევრია, რადგან ტაძარში არ იყო კედლის მხატვრობა და ხატები. ამბობს, რომ ადგილობრივ მუნიციპალიტეტთან და მრევლთან ერთად ეკლესიის გადახურვისა და შეკეთების პროცესში აქტიურად ჩაერთვებიან.

„ტაძრის გადახურვა 80-იან წლებშია შესრულებული. შესაბამისად, სახურავი ჩვეულებრივად, შიფერისგანაა გაკეთებული. ფასეული ნივთები არ დაზანებულა, ეკლესიაში არ არის მოხატული კედლები, არც ხატებია და არც ფრესკები. ზარალი რამდენიმე ათასი ლარია, ზუსტი ციფრის დასახელება გამიჭირდება“ - აცხადებს ბექა ბარამიძე.

ბექა ბარამიძის თქმითვე, ისინი გამოძიების დასრულებას ელოდებიან, რომელიც დაადგენს დანაშაული პირთა ჯგუფის მიერაა ჩადენილი თუ უბრალოდ უბედური შემთხვევა იყო.

,,თუ დანაშაული განზრახ არის ჩადენილი, ამ შემთხვევაში დამნაშავე აანაზღაურებს ზიანს, უბედური შემთხვევის დროს კი კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოსა და მუნიციპალიტეტს მოუწევს ტაძრის აღდგენა".

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 187 მუხლით დაიწყო, რომელიც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე.

| Print |