საზოგადოება
სახიფათო კლდე - ურავლის ხეობაში ქვათაცვენა გრძელდება
ახალციხე-ურავლის დამაკავშირებელ გზაზე კლდე იშლება. ყოველი წვიმის შემდეგ ლოდები კლდეს სცილდება და მანქანებს თუ მგზავრებს საფრთხეს უქმნის. ერთ თვეში, მიწა უკვე ორჯერ ჩამოიშალა - 26 მარტსა და 5 აპრილს. ამის მიუხედავად, ადგილობრივ ხელისუფლებას პრევენციული ღონისძიებები არ გაუტარებია და ნაშალისგან მხოლოდ გზა გაწმინდა. ამას ადასტურებს „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ რეგიონული კოორდინატორი თამუნა უჩიძეც. როდის მოგვარდება პრობლემა, რა სამუშაოები იგეგმება და არსებობს თუ არა რაიმე სახის კვლევა - ამ კითხვებით საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ თვითმმართველობას რამდენჯერმე მიმართა, თუმცა მერიიდან პასუხი ვერ მიიღო. 

„ბევრჯერ მივმართეთ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიას, თუმცა რეაგირება არაფერს მოჰყოლია. რას აპირებს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია - სრულად უნდა ჩამოშალოს კლდე, უნდა ააფეთქონ თუ რაიმე დამცავი ბადე გაუკეთონ. ასევე არ ვიცით, გამოყეს თუ არა ამისთვის ბიუჯეტი ან საიდან აპირებენ ამის მოძიებას“,
- ამბობს თამუნა უჩიძე. 

„საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველოს“ რეგიონული კოორდინატორის თქმით, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია ვალდებულია მოსახლეობას შეატყობინოს, თუ რას აპირებს ამ საკითხთან დაკავშირებით.
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, რომ აღნიშნული საკითხი გეოლოგებს შესწავლილი აქვთ. პრესსამსახურში გვითხრეს, რომ ურავლის ხეობაში გზისპირა ფერდობები ნაშალი და მოძრავი ქვებისგან პერიოდულად იწმინდება. სამუშაოები დეკემბრისა და იანვრის თვეშიც განხორციელდა.

"უახლოეს მომავალში ველოდებით შესაბამის სპეციალისტებს და პრობლემურ ადგილებში ჩატარდება გაწმენდითი სამუშაოები", - აცხადებენ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიაში. 

გზა რომ უსაფრთხო გახდეს, ამ მოთხოვნით ახალციხის მერიას „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ“ ჯერ კიდევ ორი წლის წინ განცხადებით მიმართა. წერილს ხელს 150-მდე ადამიანი აწერდა. თამუნა უჩიძის თქმით, 2019-2020 წლებში ამ მიმართულებით არაფერი გაკეთებულა.

| Print |