საზოგადოება
ასპინძობის დღესასწაულზე 2020-21 წლების საპატიო მოქალაქეები დაასახელეს
ასპინძის ისტორიული ბრძოლის 251 წლისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, „საპატიო ასპინძელის“ წოდება სამ მოქალაქეს მიანიჭეს. ნათელა ცისკარაძე, ალუდა სეთურიძე და ნატო ყრუაშვილი ის ადამიანები არიან, ვინც წლევანდელმა ჟიურიმ საუკეთესოებს შორის გამოარჩია.

საქართველოს შეიარაღებული ძალების ვიცეპოლკოვნიკი ალუდა სეთურიძეს, 2011 წლიდან დღემდე, ქვეყნის თავდაცვითუნარიანობაში დიდ წვლილი აქვს შეტანილი, მონაწილეობდა ბევრ სამშვიდობო მისიებში, როგორც ქვეყნის შიგნით, ასვე მის ფარგლებს გარეთ, სწორედ ერთერთი მისიის შესრულების დროს მიიღო სხეულის უმძიმესი და მრავლობითი დაზიანება.
ასოცირებული პროფესორი ნატო ყრუაშვილი ქართული პედაგოგიკური მეცნიერების განვითარების საქმეში დღემდე მნიშვნელოვან აგურს დებს, გამოქვეყნებული აქვს 80-ზე მეტი მეცნიერული ნაშრომი, მრავალი სტატია, მონოგრაფია, არის თოთხმეტი წიგნის ავტორი.

პროფესიით ჟურნალისტი, ნათელა ცისკარაძე 1982 წლიდან დღემდე გაზეთ „ასპინძის“ რედაქტორი, საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაციის წევრი, ჟურნალისტთა საერთაშორისო ფონდის „ოქროს ფრთის“ ლაურეატი და მედლის მფლობელია.

ასპინძობის დღესასწაულზე ასევე დაჯილდოვდნენ 2020 წელს ასპინძის საპატიო მოქალაქეებად დასახელებული სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორი მერაბ ბერიძე, გაზეთ „ლიტერატურული მესხეთის“ რედაქტორი ავთანდილ ბერიძე და შპს „ინოვაციური სამშენებლო კომპანიის“ დირექტორი ემზარ ასპანიძე, მათ დიპლომები, მედლები და ფულადი ჯილდო გადაეცათ. კორონავირუსის პანდემიის გამო გასულ წელს საზეიმო ღონისძიება არ გამართულა.
| Print |