საზოგადოება
საჯარო და კერძო სექტორს დისტანციურ მუშაობაზე გადასვლისკენ, ხანდაზმულების კი სახლში დარჩენისკენ მოუწოდებენ
"უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო კიდევ ერთხელ მოუწოდებს მოსახლეობას, მაქსიმალურად დაიცვან რეგულაციები და უარი თქვან ხალხმრავალ შეკრებებზე. ასევე, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორს კიდევ ერთხელ მოუწოდებს, გადავიდნენ მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე, ხოლო ხანდაზმულებს მიმართავს რეკომენდაციით, მაქსიმალურად დარჩნენ სახლში", - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით გაიმართა, იმსჯელეს ინფიცირების შემთხვევების მატებასა და ეპიდვითარების გაუარესების ტენდენციაზე. აღინიშნა, რომ არსებული სურათის გათვალისწინებით, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება პრევენციული ღონისძიებების ზედმიწევნით დაცვას და აღსრულებას.

"მკაცრი შეზღუდვების თავიდან აცილებისა და ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის კიდევ უფრო დამძიმების თავიდან აცილების მიზნით, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ქვეყანაში კვლავ ნარჩუნდება შეზღუდვა გადაადგილებაზე 21:00-05:00 საათამდე პერიოდში; ასევე, ძალაში რჩება შაბათ-კვირას კვების ობიექტებთან დაკავშირებით მოქმედი შეზღუდვა, რაც ნიშნავს იმას, რომ ისინი მუშაობენ მხოლოდ გატანის სერვისზე;

ამასთან, საკოორდინაციო საბჭოს გადწყვეტილებით, მაქსიმალურად გამკაცრდება იზოლაციაში მყოფი პირების, კონტაქტების და ქვეყანაში შემომსვლელების თვითიზოლაციის კონტროლი; ასევე - საზღვარზე შემოსული პირების პისიარ-კვლევის ჩატარების მონიტორინგი 72 საათის გასვლის შემდეგ;


კიდევ უფრო მკაცრად გაკონტროლდება პირბადის სწორად მოხმარება და დისტანციის დაცვა, ასევე ხალხმრავალი შეკრებები, მათ შორის სოციალური ღონისძიებები, რომელთა გამართვა მთავრობის დადგენილებით აკრძალულია;

სხდომაზე ასევე განიხილეს ვაქცინაციის პროცესი. აღინიშნა, რომ უახლოეს მომავალში ქვეყანა ვაქცინების ახალ დოზებს მიიღებს. 
| Print |