საზოგადოება
ახალციხეში საცურაო აუზის მშენებლობა იწყება
ახალციხეში, ცენტრალური სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე, სპორტული კომპლექსისა და საცურაო აუზის მშენებლობა იწყება. ჩინური კომპანიის წარმომადგენლებმა ის ადგილი დაათვალიერეს, სადაც კომპლექსი უნდა აშენდეს. ტერიტორია ასპინძის ქუჩაზე 10 257 კვ.მ. ფართობს მოიცავს.

„ნანთონ სანძიენ ჯორჯიას“ ფინანსური დირექტორის ანა გელნავას განცხადებით, აღნიშნული პროექტის განხორციელება მაისის პირველ რიცხვებში მოხდება. აუზის მშენებლობაზე ადგილობრივები დასაქმდებიან, ამჟამად კომპანიას 30-დან 80 ადამიანამდე დასაქმება შეეძლება.

აღნიშნული კომპლექსის მშენებლობა, კონტრაქტის მიხედვით,   18 თვეში დასრულდება და გათვალისწინებული იქნება საცურაო აუზების და ტრენაჟორების მოწყობა. პროექტის მიხედვით, დახურული აუზის სიგრძე 33 მეტრი იქნება, სიგანე 25 მეტრი, სიღრმე 2-2,4 მ. შედარებით მცირე ზომისაა საბავშვო აუზი. 8 მ. 16 მეტრზე. 

გარდა ამისა, კომპლექსში განთავსდება ტრიბუნები, სავარჯიშო დარბაზები, გასახდელი, ადმინისტრაციის შენობა. ასევე დაგეგმილია კრივის, ჭიდაობის, ძალოსნობის დარბაზების მოწყობა.

კომპლექსის ასაშენებლად ტენდერი საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა 2020 წლის 19 აგვისტოს გამოაცხადა. მისი სავარაუდო ღირებულება 11 მლნ. 604 343 ლარია. პროექტს აზიის განვითარების ბანკი აფინანსებს.

აუზისა და სპორტკომპლექსის ასაშენებლად ტერიტორია ჯერ კიდევ 2018 წელს შეირჩა. პროექტის შესაძენად ტენდერი 2019 წელს, ორჯერ გამოცხადდა. ამავე წლის მარტში ახალციხის საკრებულომ, აუზის ტერიტორიაზე ავარიული შენობის დემონტაჟზე მერიას უარი უთხრა.

ახალციხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ტერიტორია საკრებულოს თანხმობით, მუნიციპალური განვითარების ფონდს სამი წლის განკარგვის უფლებით გადაეცა.


| Print |