საზოგადოება
ახალციხეში დასუფთავების აქცია მოაწყეს
ახალციხეში დედამიწის საერთაშორისო დღე დასუფთავების აქციით აღნიშნეს. სამხარეო ადმინისტრაციის, მერიის, საკრებულოს და ა(ა)იპ-ების თანამშრომლებმა მუნიციპალიტეტის მასშტაბით რამდენიმე ადგილი დაასუფთავეს, მათ შორის აბასთუმნის გზატკეცილის მიმდებარე ტერიტორია, საბარგო სადგური და საფარის გზა. 

ყოველი წლის 22 აპრილს, მსოფლიოს 175 ქვეყანაში დედამიწის საერთაშორისო დღეს აღნიშნავენ. ეს დღე პირველად 1970 წელს აღინიშნა, როცა ცნობილი ამერიკელი გარემოსდამცველი სენატორის გეილორდ ნელსონის მოწოდებით, 20 მილიონი ამერიკელი გამოვიდა დედამიწის დასაცავად. ამ დღეს სანტა ბარბარას საბადოდან ნავთობი დაიღვარა, რამაც ოკეანის დაბინძურება და წყლის ბინადართა განადგურება გამოიწვია.

საქართველოს მწვანეთა მოძრაობის ინიციატივით, ჩვენს ქვეყანაში დედამიწის დღე პირველად 1990 წელს აღინიშნა. მას შემდეგ ამ ღონისძიებას ყოველწლიურად უერთდება არაერთი ორგანიზაცია და მოხალისე, რომლებიც მთელი ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა ტიპის გარემოსდაცვით საქმიანობას ახორციელებს.


| Print |