საზოგადოება
ახალციხეში სომეხთა გენოციდი ტრადიციული მსვლელობით აღნიშნეს
სანთლებით, პლაკატებითა და დროშებით, 24 აპრილს, ადგილობრივი სომეხი მოსახლეობა 1915 წლის მოვლენებს იხსენებს. პანდემიის და დაწესებული შეზღუდვების გათვალისწინებით, სომეხი მოქალაქეები რაბათში, გრიგორ განმანათლებლის სახელობის ტაძარში შეიკრიბნენ, საიდანაც წირვის შემდეგ, გენოციდის მსხვერპლთა მემორიალთან მივიდნენ.

მშვიდობიანი აქციის მონაწილეები ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე შეძახილებით, დროშებითა და ტრანსპარანტებით თურქეთის ხელისუფლებას, 1915 წელს დატრიალებული მოვლენების აღიარებისაკენ მოუწოდებდნენ. ,,ხაჩქართან” ანუ ქვის ჯვართან, სასულიერო პირებმა გენოციდის მსხვერპლთა პარაკლისი გადაიხადეს.

1915 წლის 24 აპრილს, კონსტანტინოპოლში, სომეხი ეროვნების ინტელექტუალური, რელიგიური, ეკონომიური და პოლიტიკური ელიტის მასობრივი დაკავება დაიწყო და ეს პროცესები 1918 წლის სექტემბრამდე გაგრძელდა.

სომხური მხარის ინფორმაციით, სამი წლის განმავლობაში, მილიონზე მეტი პირი დაიღუპა. დაახლოებით, ამდენივე მთელ მსოფლიოში გაიფანტა.

30–მდე ქვეყანამ 1915 წელი სომეხთა გენოციდად აღიარა.
| Print |
თეგები: გენოციდი /