საზოგადოება
„აპრილში მხოლოდ სამი დღე ვიმუშავეთ“ - რესტორანი "ალავერდი"
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 4-11 მაისი საქართველოს მასშტაბით უქმე დღეებად გამოცხადდა. რეგულაციები შეეხო სარესტორნო ბიზნესსაც. ახალციხეში რესტორნის მეპატრონეები ჩივიან, რომ თუ რეგულაციები არ შემსუბუქდება სარესტორნო ბიზნესი დიდი პრობლემების წინაშე აღმოჩნდება. რესტორან „ალავერდის" დირექტორი ელისო ქავთარაძე აცხადებს, რომ თუ რეგულაციები კიდევ უფრო გამკაცრდება რესტორნის დაკეტვა და სამუშაო პროფილის შეცვლა მოუწევს.

„ამ ეტაპზე შეიძლება ითქვას, რომ არ ვმუშაობთ. ყველაფერი აგვიკრძალეს შაბათ-კვირას მუშაობა, 8 საათამდე ვმუშაობთ მხოლოდ და ა.შ. ეხლაც დაკეტილი გვაქვს რესტორანი. მხოლოდ იმ შემთხვევაში ვაღებთ როცა ათ-ათ კაციანი, სამი ან მეტი ჯგუფი ჯავშნის. თუ ასე გაგრძელდება ძალიან გაგვიჭირდება, ვერც თანამშრომლებს გავაჩერებთ და ამას გაზრდილი კომუნალური გადასახადებიც ემატება. სარესტორნო ბიზნესი კრიზისშია, უკვე წელწადზე მეტია ნორმალურად არ გვიმუშავია. აპრილში სამი დღე ვიმუშავეთ მხოლოდ. ჯობია სულ დაგვკეტონ“ - აცხადებს „ალავერდის“ დირექტორი ელისო ქავთარაძე.

რეგულაციების გამო რთულ მდგომარეობაშია რესტორანი „ემიგრანტიც“, რომლის მეპატრონეებსაც საბანკო ვალდებულებები აქვთ და ამასთან ერთად უმუშევრად დარჩნენ. რესტორანს ათი თანამშრომელი ყავს, რომელსაც რიგ-რიგობით ამუშავებს. რესტორნის მეპატრონის თქმით, სარესტორნო ბიზნესი დღითიდღე უარესდება.

„სტუმრები თითქმის არ გვყავს, რაც ძალიან ცუდად აისახება შემოსავალზე, არ ღირს მუშაობა. სამუშაო დღეებში დაშვებულია რესტორანი, მაგრამ ამ დროს ყველა გვიანობამდე მუშაობს და ხალხი ვერ ახერხებს მოსვლას. გადასახადების გადახდაც  ძალიან გვიჭირს უკვე “ - აცხადებს რესტორნის მეპატრონე დალი კუსიანი.

რეგულაციების გამო რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა ახალციხეში მდებარე რესტორანი „რომანტიკაც“. მისი დირექტორის თქმით, სარესტორნო ბიზნესი პრობლემების წინაშე დგას.

„წელწადი და სამი თვეა, რაც აღარ ვმუშაობთ, ყველაფერი უარესობისკენ მიდის. შაბათ-კვირაც მუშაობა არ შეიძლება,“ - აცხადებს რესტორან „რომანტიკის“ დირექტორი რომან მერაბიშვილი


რესტორნებმა და ღია სივრცეებმა ფუნქციონირება 8 მარტიდან განაახლეს. თუმცა ამ დრომდე ძალაში რჩება შაბათ-კვირას მუშაობის შეზღუდვა. კორონავირუსის პანდემიის გამო, რესტორნები 2020 წლის 28 ნოემბრიდან დაიკეტა.

| Print |