საზოგადოება
ახალციხიდან Flex - ის ორი ფინალისტი გამოავლინდა
Flex-ის 2021-2022 წლების პროგრამით 21 მარტს ახალციხიდან ორი ფინალისტი გამოვლინდა. პროგრამა საშუალებას აძლევს ფინალისტებს ერთი აკადემიური წელი ამერიკაში ისწავლონ და თავისი უნარები განივითარონ.

ერთ-ერთი ფინალისტი ახალციხის N1 საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე ანა გვირჯიშვილია, რომელმაც პროგრამაში მეორედ მიიღო მონაწილეობა და ფინალისტის სტატუსიც მოიპოვა. ანამ შესარჩევი ეტაპი ონლაინ გაიარა, რომელიც სამი რაუნდისგან შედგებოდა. პირველი იყო აპლიკაციის შევსება და სამი ესე, მეორე 15 წუთიანი ენის ტესტი და მესამე ეტაპი ინგლისურის სტანდარტული ტესტი, თემები, აპლიკაცია და ინტერვიუ იყო. ანა ფიქრობს, რომ პროგრამა სტუდენტური ცხოვრების დაწყებაში ხელს შეუწყობს და საკუთარი ინტერესის სფეროს გარკვევაში დაეხმარება.

Flex-ის პროგრამის მეორე ფინალისტი არამ კავალერიანია, რომელიც ახალციხის N2 საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლეა. ის მომავალში სწავლის გაგრძელებას კომპიუტერულ მეცნიერებებზე აპირებს და სურს ამ მხრივ წარმატებული გახდეს. არამ კავალერიანი ამტკიცებს, რომ Flex-ის პროგრამა ბევრ წარმატებას მოუტანს და როგორც პიროვნულ, ასევე კარიერულ ზრდაში დაეხმარება.

ახალციხელი ფინალისტები ამერიკაში ზაფხულში გაემგზავრებიან. თუმცა, რომელ შტატში იცხოვრებენ და როდის წავლენ, კონკრეტული ინფორმაცია ჯერ არ აქვთ.

FLEX არის ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის განათლებისა და კულტურის საქმეთა ბიუროს მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამა, რომელიც საქართველოში საერთაშორისო განათლების ამერიკული საბჭოების ფილიალის მიერ ხორციელდება და მას მხარს უჭერს განათლების მეცნიერებისა და სამინისტრო.

პროგრამა ქართველ მონაწილეებს ამერიკულ სკოლაში სწავლის შესაძლებლობას და ამერიკელ მასპინძელ ოჯახებში ერთი აკადემიური წლით ცხოვრებას სთავაზობს.

პროგრამის ბევრმა კურსდამთავრებულმა სახლში დაბრუნების შემდეგ პრესტიჟულ უნივერსიტეტში ჩააბარა და მოგვიანებით იპოვა საინტერესო სამსახური, იმ უნარის გამოყენებით, რომელიც ამერიკაში ყოფნისას შეიძინა.

| Print |