საზოგადოება
არა ნამახვანჰესს - აბასთუმანში რიონის ხეობის მცველებს სოლიდარობა გამოუცხადეს
დაბა აბასთუმანში სოლიდარობის აქცია გაიმართა. 30-მდე ადგილობრივი სპორტულ მოედანზე შეიკრიბა და რიონის ხეობაში ნამახვანის ჰესის კასკადის მშენებლობა გააპროტესტა. "თავისუფლება რიონის ხეობის მცველებს", "აბასთუმანი თქვენს გვერსითაა", - ამ შინაარსის ტრანსფარანტებით ადგილოვრივებმა სოლიდარობა გამოუცხადეს რიონის ხეობის მცველებს, რომლებიც ჰესის მშენებლობას ექვს თვეზე მეტია აპროტესტებენ.

"აბასთუმნის ახალგაზრობას გვსურდა, რომ ამ ამბავთან დაკავშირებით რამე გვემოქმედა და მცირეოდენი გვერდში დგომა გამოგვეხატა. მიმაჩნია, რომ საქართველოს მიწა არ უნდა იყიდებოდეს, მით უმეტეს, ერთი საუკუნით. 99 წელი ძალიან დიდი დროა. ვფიქრობ, რომ ჰესის აშენება ცუდად იმოქმედებს არსებულ გარემოზე", - ამბობს ერთ-ერთი თანაორგანიზატორი რუსკა ბალახაშვილი.

შეგახსენებთ, რომ რიონის ხეობაში ნამახვანჰესის აშენების წინაღმდეგ მიმართული საპროტესტო აქციები თითქმის, ექვსი თვეა მიმდინარეობს. 

საინიციატივო ჯგუფს აქვს ოთხი ძირითადი მოთხოვნა:

• გაწყდეს 2019 წ. 25 აპრილს ხელმოწერილი ხელშეკრულება საქართველოს მთავრობასა და კომპანია „ენკა რინიუებლზს“ შორის მდინარე რიონზე დაგეგმილი ნამოხვანის ჰესების კასკადის მშენებლობის შესახებ და კომპანიამ დატოვოს რიონის ხეობა;

• გაუქმდეს საქართველოს მთავრობის 2019 წლის 21 ნოემბრის #2405 განკარგულება "სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს "ენკა რინიუებლზისათვის" აღნაგობის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემისა და პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ;"

• გაუქმდეს ნამოხვანის ჰესების კასკადზე 2015 წელს გაცემული სამშენებლო ნებართვა და ყველა სხვა მასზე დაფუძნებული დოკუმენტი;

• თანამდებობიდან გადადგეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა.

24 აპრილს საქართველოს მთავრობამ „ნამახვანჰესის“ კაშხლის მშენებლობაზე 9-12 თვის ვადით მორატორიუმი გამოაცხადა. მთავრობის ინფორმაციით, კაშხალი არ აშენდება, ვიდრე არ მოხდება გარემოსდაცვითი, გეოლოგიური და სეისმოლოგიური კვლევების რევიზია და ხელახალი დასაბუთება.

ორგანიზაცია EMC ამბობს, რომ ხელისუფლებამ ინვესტორს ტერიტორია 99 წლით, სიმბოლურ ფასად გადასცა. ამასთან, შეთანხმებაში არის პუნქტი, რომ კომპანიას უფლება აქვს, 15 წლის შემდეგ საქართველოს ელექტროენერგია არ მიაწოდოს.

ორგანიზაციის მოკვლევით, ჰესის აშენების შემთხვევაში, ნამახვანის ჰესების კასკადი საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ განხორციელებული ყველაზე დიდი ენერგეტიკული პროექტი გახდება საქართველოს ტერიტორიაზე. კასკადი ორი ჰესისგან შედგება და მათი საერთო სიმძლავრე 430 მეგავატს აღემატება. პროექტში, რომლის მთლიანი ღირებულება 700 მილიონ დოლარს აჭარბებს, რამდენიმე საერთაშორისო ინვესტორი და სამშენებლო კომპანია მონაწილეობს. არსებული პროექტი მოიცავს 15 კილომეტრის სიგრძის ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობასაც.

EMC ამბობს, რომ პროექტის მასშტაბურობიდან გამომდინარე მაღალია მისი პოტენციური ზეგავლენა ადგილობრივ სოციალურ და ბუნებრივ გარემოზე, ისევე როგორც ზეგავლენასთან დაკავშირებული რისკები. დასატბორ ტერიტორიაში ხვდება 110 ოჯახი, რომლებიც შესაძლოა გამოასახლონ. ზეგავლენის არეალში ექცევა 20-მდე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, რამდენიმე სოფელი და 10-ზე მეტი არქეოლოგიური ობიექტი.

კასკადი მდინარე რიონის ხეობაში ორი კაშხლის აგებას ითვალისწინებს - ერთის სიმაღლე, სოფელ ტვიშთან, 50 მეტრს აღემატება, მეორის, წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, 111 მეტრს შეადგენს.

| Print |