საზოგადოება
ახალციხეში ზოგიერთ მიმართულებაზე ტრანსპორტის მოძრაობა ჩერდება
ახალციხეში მუნიციპალური ტრანსპორტი ჩერდება. საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს მასშტაბით, მუნიციპალური ტრანსპორტი 3-12 მაისის ჩათვლით არ იმოძრავებს. შპს „ჯეოტივის“ დირექტორი ამბობს, რომ უქმე დღეებში ჩვეულებრივ გადაადგილდება საქალაქთაშორისო ტრანსპორტი.

„მუნიციპალური ტრანსპორტი ჩერდება და საქალაქთაშორისო ტრანსპორტი ჩვეულებრივად იმოძრავებს. ტრანსპორტი ახალციხის რაიონში, ყველა მიმართულებით ჩერდება, მათ შორის სოფლებში და საქალაქოც“, - აცხადებს ნუგზარ მამუკაშვილი.

საკოორდინაციო საბჭოს ამ გადაწყვეტილებას მოსახლეობის ნაწილი აპროტესტებს, განსაკუთრებით სოფლის მაცხოვრებლები.

„სოფლიდან ჩამოსვლა აუცილებელი საჭიროებისას გამიჭირდება, რადგან მანქანა არ მყავს და ტაქსით მომიწევს ჩამოსვლა. ჯობდა საქალაქთაშორისო ჩაეკეტათ“, - ამბობს ეთერი მღებრიშვილი.

ტრანსპორტის აკრძალვა, მძღოლების თქმით, მათ ეკონომიკურ მდგომარეობაზეც მოქმედებს. ამბობენ, რომ მგზავრები ისედაც არ ჰყავდათ და ახლა უარეს ვითარებაში აღმოჩნდებიან.

„არ უნდა დაიკეტოს, რა საჭიროა? ისედაც არ გვყავდა ხალხი და ახლა მით უმეტეს. შემოსავალს დავკარგავთ. მთავრობას არავის ბედი აინტერესებს, როგორც მოუნდება ისე იღებს გადაწყვეტილებას“, - გვითხრა ახალციხე-აწყურის ავტობუსის მძღოლმა.

საკოორდინაციო საბჭომ ტრანსპორტთან დაკავშირებით გადაწყვეტილება 26 აპრილს მიიღო.

| Print |