საზოგადოება
3-12 მაისის ჩათვლით, ქვეყნის მასშტაბით, მუნიციპალური ტრანსპორტი არ იმოძრავებს - კიდევ რა შეზღუდვები იცვლება უახლოეს დღეებში
3-12 მაისის ჩათვლით, საქართველოს მასშტაბით, მუნიციპალური ტრანსპორტი არ იმოძრავებს; საქალაქთაშორისო ტრანსპორტს შეზღუდვა არ შეეხება; სადღესასწაულო დღეებში სასაფლაოებზე გასვლა შეიზღუდება; ჩაიკეტება სასაფლაოებთან მისასვლელი გზები.

საქართველოს საპატრიარქოსთან კომუნიკაციის შედეგად, სადღესასწაულო ლიტურგია ტაძრებში ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოების ნორმების მაქსიმალური დაცვით ჩატარდება; მათ შორის, ტაძრებში უზრუნველყოფილი იქნება გახმოვანების სისტემა, დაცული იქნება სოციალური დისტანცია და პირბადის მოხმარების წესი.

გამონაკლისის სახით, სააღდგომო ლიტურგიასთან დაკავშირებით, გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა, მხოლოდ ერთი ღამით, 1-ლ მაისს, 21:00-05:00 საათის ნაცვლად იმოქმედებს 23:00-04:00 საათამდე.

როგორც ცნობილია, 4-11 მაისი საქართველოში გამოცხადებულია უქმე დღეებად;
შესაბამისი უწყებების მხრიდან კვლავ გრძელდება ქვეყანაში დაწესებული შეზღუდვების აღსრულების მკაცრი კონტროლი.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო განაგრძობს არსებულ ეპიდემიოლოგიურ ტენდენციებზე დაკვირვებას და შემდგომ გადაწყვეტილებებს ვითარების დეტალური ანალიზის შედეგად მიიღებს.
| Print |