საზოგადოება
გათავისუფლების მუქარებია ოჯახის წევრებზეც - გიორგი დიასამიძე
ბორჯომის ჩამომსხმელი ორივე ქარხნის გაფიცული მუშები ამ დრომდე ელოდებიან ხელმძღვანელობისგან პასუხს. tv9news.ge -ს ინფორმაციით, ქარხნის წარმომადგენლები ოფიციალურ კომენტარს დღის მეორე ნახევარში გააკეთებენ. მანამდე კი საპროტესტო აქცია გრძელდება. 

,,ხელფასს ერთი წლის განმავლობაში თითქმის 250 ლარით ნაკლებს ვიღებდით, ხალხი არ გვყოფნის ზეგანაკვეთურს ვმუშაობთ, ვერც შესვენებაზე გავდივართ ამის გამო. მესამე თვეა ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს მაგრამ აზრი არ აქვს, ჩვენ მოთხოვნებს არავინ აკმაყოფილებს" - ამბობენ აქციის მონაწილეები.

,,ეს ადამიანები ითხოვენ ხელფასების მომატებას, ნორმალურ სამუშაო პირობებს, დისკრიმინაციის აკრძალვას და დამოკიდებულებების შეცვლას. მათ ახლაც ურეკავენ, ემუქრებიან რომ თუ არ შემოხვალთ სამსახურში გაგათავისუფლებთო. მსგავსი მუქარებია ოჯახის წევრებზეც - დედაშენი აქ მუშაობს, მამაშენი აქ მუშაობს და ა.შ. კერძო კომპანიამ აირჩია კონფრონტაციის ძალიან ცუდი გზა. ჩვენ აქ ვიდგებით, მანამ სანამ დასაქმებულთ სამუშაო პირობები არ იქნება სრულად უზრუნველყოფილი" - ამბობს აგრარული მეურნეობის, ვაჭრობისა და მრეწველობის პროფკავშირის თავმჯდომარე გიორგი დიასამიძე.

ბორჯომში, ჩარხისწყლის დასახლებაში, 350-მდე გაფიცული თანამშრომელი იმყოფება. მათი განცხადებით, აქციებს იქამდე გააგრძელებენ, ვიდრე ყველა მოთხოვნას არ დაუკმაყოფილებენ. N1 ჩამომსხმელი ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც აქციის მონაწილეები იმყოფებიან, სამართალდამცავები არიან მობილიზებულნი.

საპროტესტო აქცია ბორჯომში დილიდან დაიწყო და ამ დრომდე გრძელდება.

| Print |