საზოგადოება
გაფიცვის მეორე დღე - ბორჯომის ჩამომსხმელი ქარხნის თანამშრომლები მოლაპარაკებისთვის მზად არიან
ბორჯომში, #1 და #2 ჩამომსხმელი ქარხნის თანამშრომლების პროტესტი გრძელდება. გაფიცვის მეორე დღეს მუშები ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე ისევ შეიკრიბნენ და მუშაობის დაწყებას იქამდე არ აპირებენ, სანამ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება. 400-მდე თანამშრომელი ამბობს, რომ ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულება უწევთ, რასაც კომპანია არ ანაზღაურებს. ასევე, მუშები დამსაქმებელს სთხოვენ მათთვის მიცემული პირობა შეასრულოს და ხელფასები დაპირებისამებრ მოუმატოს.

აქციის მონაწილეები მზად არიან ადმინისტრაციას შეხვდნენ და მოლაპარაკებები აწარმოონ. გუშინ, 18 მაისს მუშების და დამსაქმებლის წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკება ორჯერ გაიმართა, თუმცა კონკრეტულ შეთანხმებამდე ვერ მივიდნენ. 

ბორჯომის ჩამომსხმელი ორი ქარხნის თანამშრომლები 18 მაისს გაიფიცნენ. ისინი ხელფასების მომატებას და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ. მათ ადგილზე კარვებიც გაშალეს. მომხდართან დაკავშირებით „აიდიეს ბორჯომი საქართველომ“ განცხადება გაავრცელა.

ბორჯომის ჩამომსხმელი ქარხნები კომპანია IDS Borjomi International-ის ეკუთვნის. აღნიშნული კომპანია 2012 წელს 300 მილიონ დოლარად რუსეთის ერთ–ერთმა უმსხვილესმა საინვესტიციო ჯგუფმა, „ალფა ჯგუფმა“ შეიძინა.
| Print |