საზოგადოება
სამცხე-ჯავახეთის ცხოველთა თავშესაფრის პროექტის თანაავტორი პრემიერ-მინისტრს ღია წერილით მიმართავს
მიუსაფარ ცხოველთა რეგიონული თავშესაფრის პროექტის თანაავტორი საქართველოს მთავრობას და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ღია წერილით მიმართავს. ლაშა გეგეჭკორი სოციალურ ქსელში წერს, რომ იმ რეგიონებში, სადაც ცხოველთა თავშესაფრები არ აშენდა, მათ შორის ახალციხეში, პოპულაციის უმართაობის გამო, მდგომარეობა მძიმეა.

„მათი რაოდენობა ათასობით კი არა, ათიათასობით არის გაზრდილი. ამით კი გაზრდილია დაკბენების და ცოფის გავრცელების რისკი! დამეთანხმებით, უმძიმესი სანახავია გზებზე, ქალაქებსა და რაიონულ ცენტრებში ათასობით მიუსაფარი და მშიერი, ავადმყოფი ძაღლი. საფრთხე ექმნება ადამიანის ჯანმრთელობას, ცხოველთა უფლებების დაცვას, ეს გარემოება ჩამოსული ტურისტების თვალში მკვეთრად სწევს დაბლა ქვეყნის იმიჯს. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის და ცხოველთა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის ერთობლივი პროგრამით, 2030 წელს მსოფლიოში არ უნდა იყოს ცოფის გავრცელების არც ერთი შემთხვევა. ჩაატარეთ გამოკითხვა მოსახლეობაში, ადგილობრივ თვითმმართველობებში მოსახლეობიდან შემოსული წერილების რევიზია და დარწმუნდებით - ეს არის ქვეყნის ერთ-ერთი, საწრაფოდ გადასაწყვეტი პრიორიტეტული საკითხი" - წერს ლაშა გეგეჭკორი. 

თავშესაფრის პროექტის თანაავტორი პრემიერს სთხოვს, რომ დროულად მოხერხდეს ობიექტების ასაშენებლად საწირო თანხის მობილიზება. 

"მიუსაფარ ცხოველთა მასობრივი სტერილიზაცია/კასტრაცია არის პრობლემის მოგვარების ერთადერთი ჰუმანური, მსოფლიოში აპრობირებული მეთოდი, რომელიც ტარდება ასეთ ცენტრებში. ასევე მოგახსენებთ, ევროასოცირების ხელშეკრულების შესაბამის მუხლზე საქართველოს ხელი აქვს მოწერილი. ვფიქრობ, სასწრაფოდ უნდა გამოიყოს შესაბამისი თანხები. დავძლევთ პანდემიას, ამ პრობლემას კი შეიძლება ვეღარ მოვერიოთ“.

ინტერმუნიციპალური თავშესაფრები კახეთსა და შიდა ქართლში უკვე აშენდა, პროექტები მზად არის ქვემო ქართლის, იმერეთის, სამცხე-ჯავახეთის და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონებში.

ცხოველთა თავშესაფრის პროექტი რეგიონში „სოციალური პროგრამებისა და განვითარების ცენტრმა“ შეადგინა და ახალციხის მერიას უსასყიდლოდ გადასცა. მისი პრეზენტაცია 2018 წლის მაისში, სამხარეო ადმინისტრაციაში გაიმართა. მაშინ ადგილობრივი ხელისუფლება ამბობდა, რომ მშენებლობა 2019 წელსვე დაიწყებოდა და მუნიციპალიტეტს 100-ვოლიერიანი თავშესაფარი ექნებოდა. მოგვიანებით მერიაში პოზიცია შეცვალეს და გადაწყვიტეს, სოფელ ფარეხასთან არსებულ შენობას რეაბილიტაცია ჩატარებოდა, ვოლიერების რაოდენობა კი 300-მდე გაეზარდათ, რამაც ხარჯები გაზარდა. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ ახალი პროექტი 52 000 ლარად შეისყიდა.

ეს პროექტიც ორი წელია მზადაა, მას შემდეგ, მუნიციპალური განვითარების ფონდი დონორის მოძიებას ცდილობს, რომელიც 3 მლნ 600 ათას ლარს რეგიონული თავშესაფრის მოწყობაში გადაიხდის. მსურველი ჯერ არ გამოჩენილა. 

„სოციალური პროგრამებისა და განვითარების ცენტრის“ მიერ შემუშავებული პროექტი, მრავალფუნქციური დაწესებულების შექმნას ითვალისწინებდა, სადაც ცხოველების ვაქცინაცია, კასტრაცია-სტერილიზაცია ჩატარდებოდა. ამ პროცედურების შემდეგ, ცხოველს ისევ ქუჩაში დააბრუნებდნენ. ეს მსოფლიოში მიღებული, ბუნებრივი პოპულაციის მართვის ყველაზე ჰუმანური გზაა. სპეციალისტების თქმით, ამ გზით ქუჩაში მცხოვრები ცხოველების რაოდენობა თანდათან შემცირდებოდა.

პროექტის თანაავტორმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს წერილობით გასულ წელსაც მიმართა, სადაც მთავრობის ხელმძღვანელს უხსნიდა, რატომ ჭიანურდებოდა თავშესაფრის მშენებლობის პროცესი. ლაშა გეგეჭკორი ხელისუფლებას რეკომენდაციით მიმირთავდა, რომ ვოლიერების რაოდენობა ისევ 100-მდე შემცირებულიყო, რაც საშუალებას მისცემდა, პროექტი მინიმალურ ხარჯებში განხორციელებულიყო.

| Print |