საზოგადოება
"სოცმუშაკმა მითხრა, სრულწლოვანი ხარ და ბავშვთა სახლიდან უნდა წახვიდეო" - პანსიონის ბენეფიციარი
21 წლის ელისაბედ ბერიძე ნინოწმინდის პანსიონის ყოფილი ბენეფიციარია. ის მრევლთან ერთად, წმინდა ნინოს გზას ფოკადან სვეტიცხოვლამდე გადის. ბავშვთა სახლში, სადაც 18 წელი იცხოვრა, დღეს, სამ ივნისს გზად შეიარა და აღმზრდელები მოინახულა. პანსიონის დატოვების შემდეგ, "მეცხრე არხთან" კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ დაწესებულების და მეუფის წინააღმდეგ ცრუ ბრალდებები ისმის.

ელისაბედ ბერიძე ვრცლად საუბრობს, როგორ მოხვდა ცხრა თვის პანსიონში, სადაც სრულწლოვანებამდე იზრდებოდა. 18 წლის იყო, როცა სოციალურმა მუშაკმა უთხრა, რომ ბავშვთა სახლი უნდა დაეტოვებინა. იმის გამო, რომ წასასვლელი არ ჰქონდა, ახალქალაქის, კუმურდოს და კარის ეპარქიაში, ერთ-ერთ მონასტერში გადავიდა საცხოვრებლად.

ყოფილი ბენეფიციარი კატეგორიულად უარყოფს, რომ აღსაზრდელებზე ძალადობდნენ, თუმცა დღეს არაერთმა მედიასაშუალებამ გაავრცელა მასალა, სადაც აღსაზრდელები დასჯის მძიმე ფორმებზე საუბრობენ.

ტელეკომპანია "იმედის" მიერ გავრცელებულ მასალაში მოზარდები ყვებიან, რომ აღმზრდელები ამ დრომდე აგრძელებენ მათ მკაცრად დასჯას.

"მუხლებზე გვაჩოქებდნენ და ბუქნებს გვაკეთებინებდნენ. მაგალითად, სადილი რომ გვქონდა ნაჭამი და ავდგებოდით, რამე ისე რომ არ იყო, ვახშმამდე მუხლებზე დაჩოქილი, ან ცალი ფეხი აწეული,,, ისე მინდოდა მასწავლებლები ჩემს ადგილზე ყოფილიყვნენ. შეშინებულები ვიყავით და ვერაფერს ვამბობდით. საწოლის თავზე მიმარტყმევინეს თვალი, დალურჯებული მქონდა და პუდრი წამისვეს, რომ არ გამოჩენილიყო. ნინოობის წინა დღეს აღმზრდელი ლოგინზე იყო წამოკოტრიალებული და ბავშვი მასაჟებს უკეთებდა".

სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში, სავარაუდო დანაშაულებრივ ფაქტებზე გამოძიება ორი - ძალადობის და გაუპატიურების მუხლებით მიმდინარეობს. ამას ადასტურებს სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოც.

დეკანოზი ფილიპე აბაშიძე "მეცხრე არხთან" ადასტურებს, რომ ბავშვების მიმართ მკაცრ მოპყრობას ადგილი რამდენიმე წლის წინ ჰქონდა და ის აღმზრდელები სამსახურიდან გაუშვეს. რამდენიმე აღსაზრდელი ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ სახლში წასვლა უნდა. ასევე ადასტურებენ, რომ გაკვეთილების დროს აღმზრდელები სკოლის დერეფანში ელოდებიან.

სახალხო დამცველის აპარატმა პანსიონის მონიტორინგი მიმდინარე წლის 15 აპრილში ვერ მოახერხა. აღნიშნულთან დაკავშირებით, ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ მიმართვის საფუძველზე, გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტმა 7 მაისს გამოსცა დროებითი ღონისძიება, რითაც სახელმწიფოს დაავალა - დაუყოვნებლივ უზრუნველეყო შესაბამისი უფლებამოსილების მქონე მონიტორინგის განმახორციელებელი ორგანოების მიერ ნინოწმინდის პანსიონში ბავშვის უფლებრივი მდგომარეობის შემოწმება, თუმცა სახალხო დამცველის წარმომადგენლები არც მეორედ შეუშვეს.

პანსიონის ადმინისტრაცია ამას მეუფე სპირიდონის ლოცვა-კურთხევით ხსნის. სხალთის ეპისკოპოსი ამბობს, რომ ომბუდსმენს ბავშვთა სახლის შემოწმების უფლება არ აქვს.
| Print |