საზოგადოება
აბასთუმანში დაკარგული ახალგაზრდები იპოვეს
აბასთუმნის ტყეში სამი დღის წინ დაკარგული ახალგაზრდები იპოვეს. ადიგენის მუნიციპალიტეტის მერის ზაქარია ენდელაძის ინფორმაციით, ახალგაზრდების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, მათ ჩამოსაყვანად ჯგუფები უკვე წავიდნენ. 

"ზეკარის უღელტეხილიდან საირმემდე მონაკვეთში არიან. მგონი, დრონმა იპოვა და ამის მიხედვით დაადგინეს კოორდინატები, ყველა კარგადაა", - გვითხრა ერთ-ერთმა ახალგაზრდამ, რომელიც სამძებრო სამუშაოებში იყო ჩართული. 

ამის შესახებ განცხადება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმაც გაავრცელა.

"მაშველებმა დაათვალიერეს ობსერვატორიის, ნასაბაჯვარის მთის, წყალსადენის და ზეკარის უღელტეხილის ტერიტორიები. უწყვეტი სამაშველო-საძიებო ოპერაციის შედეგად, ტურისტული ჯგუფი ნაპოვნია უვნებლად. ამ დროისთვის მიმდინარეობს მათი ჩამოყვანა უსაფრთხო ადგილას. არც ერთი მათგანის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება".


შეგახსენებთ, რომ სტუდენტები ლაშქრობაში ორ ივნისს წავიდნენ, სახლში კი ოთხში უნდა დაბრუნებულიყვნენ. ერთ-ერთი დაკარგულის მშობლების თქმით, ბოლოს კონტაქტი სამ ივნისს, საღამოს ჰქონდათ, მაშ შემდეგ კი ოჯახს არც ერთი ახალგაზრდა დაკავშირებია. 

ახალგაზრდებს ტყეში ეძებდნენ რეინჯერები და 40-მდე მაშველი. პროცესში ჩართული იყო საჰაერო გადაღების კამერა.
| Print |