საზოგადოება
ჩვენი მიწა დაგვიბრუნონ - ნინოწმინდის პანსიონთან სპასოვკის მოსახლეობა მეუფესთან შეხვედრას ითხოვს
ნინოწმინდის პანსიონთან, დაახლოებით 13:00 სთ-თვის ადგილობრივები მივიდნენ, რომლებიც მეუფე სპირიდონთან შეხვედრას ითხოვდნენ. ისინი ამბობენ, რომ მთავრობამ 2007 წელს, მათი კუთვნილი მიწები უსაფუძვლოდ გადასცა საპატრიარქოს. მათი თქმით, ხელისუფლებას რამდენჯერმე მიმართეს, თუმცა ოფიციალური განმარტება არ გაუკეთებიათ. 

,,სამღვდელოება ამოსული იყო თავისი ფორმით, მანქანით, ხალხით, როცა წააწყდნენ დაბრკოლებას და ჩვენ გამოვედით ხალხი, ამოიყვანეს მერე პოლიცია. სათიბი ადგილია, ჩვენ ტერიტორიაზე, ჩვენ სოფელში, მიიზომეს, ჩვენ არც გაგვიგია. გვინდა ჩვენი მიწა დაგვიბრუნონ, მეც ხომ მყავს ოჯახი", - თქვა ერთ-ერთმა ადგილობრივმა.

პანსიონიდან მათთან შესახვედრად არავინ გამოსულა. რაც შეეხება მეუფეს რამდენიმე საათია მეუფე სპირიდონი სხვადასხვა სასულიერო პირებთან ერთად სამების საკათედრო ტაძარში იმყოფება. მას მედიასთან რიამე კომენტარი ამ დრომდე არ გაუკეთებია.

ნინოწმინდის პანსიონიდან დღეს, 10 ივნისს სავარაუდოდ კიდევ 3 ბავშვი გაიყვანეს. დაწესებულებაში მათი ნათესავები დილით მივიდნენ.

ნინოწმინდის ბავშთა პანსიონიდან ბავშვების გაყვანის პროცესი 6 ივნისიდან, მას შემდეგ დაიწყო, რაც თბილისის საქალაქო სასამართლომ PHR-ის სარჩელი დააკმაყოფილა. ორგანიზაცია პანსიონიდან ბავშვების დაუყოვნებლივ გაყვანას მოითხოვდა. საპატრიარქო, სარჩელის გასაჩივრებას აპირებს.
| Print |