სექტემბრიდან მოქალაქეები “ნოვავაქსით” და “ჯონსონ ენდ ჯონსონით აცრასაც” შეძლებენ - თამარ გაბუნია
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, დღევანდელი მონაცემებით, პირველი დოზით აცრილია 147 ათასი ადამიანი, ხოლო ორჯერადად – 75 ათასი.
მისი თქმით, 18 წლის ზემოთ ასაკის მოსახლეობის აცრის თვალსაზრისით ეს მაჩვენებელი 5%-ს უახლოვდება.
გაბუნიას მოლოდინი აქვს, რომ სექტემბრიდან მოქალაქეები “ნოვავაქსით” და “ჯონსონ ენდ ჯონსონით აცრასაც” შეძლებენ.
,,ვფიქრობთ, რომ ივლისის თვიდან ვაქცინაციის პროგრამაში სერიოზული გარდატეხა დაიწყება, იმ კუთხით რომ ვაქცინაციის პროგრამის გაშლას და ვაქცინაციის ტემპების გაფართოებას შევძლებთ. ზოგადად ჩვენ გვჭირდება 4 მილიონამდე ვაქცინის დოზა, რომ მოზრდილი მოსახლეობის 60% ვაქცინირებული იყოს.
ამ დოზების რაოდენობის უდიდესი ნაწილი უკვე დაგეგმილი და განსაზღვრულია, მოწოდების ვადები ზუსტდება და ვფიქრობთ, რომ ძალიან მალე აქტიური კამპანიის გახსნა გვექნება, როგორც „სინოვაკის“, „სინოფარმის“, „ასტრაზენეკას“, „ფაიზერის“ და შედარებით უფრო მოგვიანებით, სექტემბრიდან გვაქვს მოლოდინი, რომ “ნოვავაქსი” და ასევე „ჯონსონი და ჯონსონი“ დაემატება ჩვენს არჩევანს, რომელიც „კოვაქსის“ პლატფორმიდან შეგვიძლია მივიღოთ“, – განაცხადა გაბუნიამ.
გარდა ამისა, ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ესტონეთი საქართველოს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის 100 000 დოზას გადასცემს.
,,ესტონეთი დაეხმარება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს. მოლდოვას გადაეცემა ვაქცინის 100 000 დოზა. ასევე, 100 000 დოზა გადაეცემა ჩვენს პარტნიორ საქართველოს", – წერს ესტონეთის საგარეო უწყება "ტვიტერში".