საზოგადოება
ჩვენ გამოვდივართ სოლიდარობისთვის! - თბილისი პრაიდის ორგანიზატორები
,,ღირსების მარში სოლიდარობისთვის" - ამ სლოგანით 5 ივლისს რუსთაველის გამზირზე ლგბტქ აქტივისტები და სხვა მხარდამჭერები შეიკრიბებიან.

ორგანიზატორების ცნობით, აქციაზე მივლენ, როგორც "თბილისი პრაიდის" წევრები, ასევე სამოქალაქო აქტივისტები, მხარდამჭერები და პოლიტიკოსები.

ამ ფორმით ისინი, მიმდინარე პოლიტიკურ და კულტურულ პროტესტს გამოუცხადებენ სოლიდარობას.

"ქვიარ თემის წევრები, ოჯახის წევრები და მხარდამჭერები ხმამაღლა და ამაყად ვაცხადებთ, რომ ჩვენ გამოვდივართ სოლიდარობისთვის!" - წერია ორგანიზატორების განცხადებაში.

ისინი სახელმწიფოსგან მოითხოვენ:

1. უზრუნველყოს ადამიანზე ორიენტირებული პოლიტიკის წარმოება;

2. შეასრულოს პოზიტიური ვალდებულება თანასწორი გარემოს შესაქმნელად, ჰომოფობიის, სტიგმისა და დისკრიმინაციის დასაძლევად;

3. უზრუნველყოს სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების ჯეროვანი გამოძიება და დაიცვას სამართლიანობის პრინციპი;

4. დაიცვას თითოეული მოქალაქის უსაფრთხოება და გამოხატვის თავისუფლება, მიუხედავად სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობისა.

თბილისი პრაიდის წარმომადგენლები მოუწოდებენ საზოგადოებას ერთად შეებრძოლონ უსამართლობას. 15 ივნისს პროპუტინური, ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფების ლიდერმა, ლევან ვასაძემ ქართულ ოცნებას 10-დღიანი ვადა მისცა, გააუქმონ 5 ივლისს დაგეგმილი ,,ღირსების მარში".

მან მუქარის შემცველი განცხადება გააკეთა და ხელისუფლებას ულტიმატუმი წაუყენა - მოუწოდა მთავრობას, არ მისცენ საბაბი "ესკალაციასა" და "დაპირისპირებას".


| Print |