საზოგადოება
ჩემი რეკომენდაციაა, ნინოწმინდის პანსიონიდან ყველა ბავშვის გადაყვანა - სახალხო დამცველი
სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ამბობს, რომ უმჯობესია ნინოწმინდის პანსიონიდან სახელმწიფომ ყველა ბავშვი ალტერნატიულ ზრუნვაში გადაიყვანოს. სახალხო დამცველის თქმით, ბავშვის საუკეთესო ინტერესი არ არის იმ აღმზრდელებთან ცხოვრება, რომლებიც სავარაუდო ძალადობაში არიან მხილებულნი.

ამ ეტაპზე, პანსიონში 15 აღსაზრდელი რჩება. 38-მა მოზარდმა დაწესებულება დატოვა. ისინი ბიოლოგიურ ოჯახებში და სახელმწიფო ზრუნვის სხვადასხვა ფორმაში გადაანაწილეს.

ნინოწმინდის პანსიონის ახალ დირექტორთან შეხვედრის შემდეგ გადაწყდა, რომ ომბუდსმენი პანსიონში ჩავა და მის მონიტორებსაც ექნებათ მუშაობის საშუალება.

დაწესებულებას 14 ივნისიდან ახალი ხელმძღვანელი ჰყავს - მეუფე სპირიდონი მეუფე იაკობმა ჩაანაცვლა.

მეუფე სპირიდონის ხელმძღვანელობის პერიოდში, 2021 წლის 15 აპრილს სახალხო დამცველმა თქვა, რომ მას პანსიონში შეშვებაზე უარი განუცხადეს.

სახალხო დამცველი წლებია ლაპარაკობს საპატრიარქოს დაქვემდებარებულ პანსიონებში სავარაუდო ძალადობასა და დასჯის სასტიკ მეთოდებზე, თუმცა, ხელისუფლებას ამ პრობლემის მოსაგვარებლად სათანადო ნაბიჯები არ გადაუდგამს.

თბილისის საქალაქო სასამართლომ 5 ივნისს გამოიტანა განჩინება, რომლის მიხედვითაც, ნინოწმინდის პანსიონიდან შშმ ბავშვები დაუყოვნებლივ უნდა გამოიყვანონ და სხვა სახელმწიფო მზრუნველობის დაწესებულებაში გადაიყვანონ: მიმღებ ოჯახებში, მცირე საოჯახო ტიპის თავშესაფრებში ან დაბრუნდნენ ოჯახებში.

ნინოწმინდის პანსიონთან დაკავშირებით პროკურატურაში გამოძიება კიდევ 4 საქმეზე მიმდინარეობს - სავარაუდო ძალადობის 3 ფაქტზე (სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლი) და სავარაუდო გაუპატიურების ერთ ფაქტზე (სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლი).‬
| Print |