საზოგადოება
აბასთუმნის ობსერვატორიამ დამთვალიერებლების მიღება განაახლა
საქართველოს ეროვნულმა ასტროფიზიკურმა ობსერვატორიამ ვიზიტორთა მიღება განაახლა. აბასთუმანში, მთა ყანობილზე, ზღვის დონიდან 1 650 მეტრზე დამთვალიერებლის მიღება 1-ლი ივლისიდან 31 ოქტომბრამდე იქნება შესაძლებელი. პანდემიასთან დაკავშირებული რეგულაციების გამო, ღამის ვიზიტები და ტელესკოპით ცის დათვალიერება შეჩერებულია.

ადმინისტრაციის ინფორმაციით, ვიზიტორების მიღება მოხდება ჯგუფებად, პროფესიონალი ასტროგიდების თანხლებით. ჯგუფის შემადგენლობა შეზღუდულია 5-დან 25-მდე ვიზიტორით.

ასტროტური მოიცავს ობსერვატორიის 40 სმ-იანი რეფრაქტორის შენობაში განთავსებული სივრცეების ვიზიტს და შედგება სამი ნაწილისაგან: ობსერვატორიის მუზეუმი, 40 სმ-იანი რეფრაქტორის გუმბათი და მცირე სალექციო დარბაზი.

"ასტროტურები იწყება 11:00 საათიდან. ბოლო ჯგუფის მიღება მოხდება 20:00 საათზე. ვიზიტორებმა ობსერვატორიის ტერიტორია უნდა დატოვონ არაუგვიანეს 21:30 საათისა. 

მუზეუმში ასტროგიდი გაგაცნობთ ობსერვატორიის დაარსების და მისი განვითარების ისტორიას, ეწვევით ობსერვატორიის დამაარსებლის, აკად. ევგენი ხარაძისა და პროფ. მიხეილ ვაშაკიძის კაბინეტებს. გაეცნობით ობსერვატორიის განვითარების მნიშვნელოვან ეტაპებს და მოვლენებს, ასევე, ინფორმაციას ათწლეულების განმავლობაში აქ მოღვაწე გამოჩენილი მეცნიერების შესახებ.

40 სმ-იანი რეფრაქტორის გუმბათში დაათვალიერებთ ობსერვატორიის ერთ-ერთ უძველეს პროფესიონალურ ტელესკოპს. ასტროგიდი გაგაცნობთ ასტრონომიული დაკვირვებების თავისებურებებს და ტექნოლოგიებს.

მცირე სალექციო დარბაზში ასტროგიდი ვიზიტორთათვის ჩაატარებს ლექცია-პრეზენტაციას თემაზე - „სამყაროს აგებულება და ევოლუცია“. ლექციის ბოლოს გაიმართება კითხვა-პასუხების სესია",  -
წერია ობსერვატორიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასტროტურის ხანგრძლივობა შეადგენს 1 საათსა და 20 წუთს და მისი ღირებულებაა ზრდასრულებისთვის 10 ლარი, სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის 5 ლარი, სკოლამდელი ასაკის ბავშვებისთვის და სოციალურად დაუცველი პირებისთვის ვიზიტი უფასოა. 
| Print |
თეგები: ობსერვატორია /