საზოგადოება
ვესთმენი და ბაბულიკი - ანიმაციები კორონავირუსის შესახებ გავრცელებულ მითებზე
ახალციხელ ახალგაზრდებს კორონავირუსის შესახებ მომზადებული ანიმაციები და კომიქსები უჩვენეს. სამედიცინო ექსპერტთან შეხვედრა „დემოკრატ მესხთა კავშირის“ საკონფერენციო დარბაზში გაიმართა. ექიმმა მარიამ მიქოიანმა ვირუსის შესახებ გავრცელებულ მითებზე ისაუბრა და ახალგაზრდების კითხვებს უპასუხა.

შეხვედრის მიზანი უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში ვირუსის შესახებ მეტი ინფორმაციის მიწოდებაა. მსგავსი აქტივობებისთვის ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული ორი სამიზნე რეგიონი შეირჩა - ქვემო ქართლი და სამცხე-ჯავახეთი. როგორც ონლაინ, ისე პირისპირ შეხვედრები გაიმართა ბოლნისსა და მარნეულში, ასევე ახალქალაქსა და ახალციხეში. ახალციხეში გამართული დისკუსიით შეხვედრების ციკლი დასრულდა.

პროექტი „ვესთმენი და ბაბულიკი - კოვიდ 19“ ხორციელდება სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდის მიერ, ორგანიზაცია GENERATION I-სთან პარტნიორობით და ბლექსი თრაისი ფინანსური მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში, პანდემიასთან დაკავშირებული ცრუ შეხედულებების საპირისპიროდ და საზოგადოებისთვის სწორი ინფორმაციის მიწოდების მიზნით, სამ ენაზე - ქართულად, სომხურად და აზერბაიჯანულად მომზადდა ანიმაციის ოთხი სერია და კომიქსები.

| Print |