საზოგადოება
საქართველოში დასაქმებული ქალების მხოლოდ 3%-ს აქვს ანაზღაურებადი დეკრეტული შვებულებით სარგებლობის უფლება - კვლევა
საქართველოში დასაქმებული ქალების მხოლოდ 3%-ს აქვს კანონით მინიჭებული უფლება, ისარგებლოს დედობის სრულად ანაზღაურებადი შვებულებით. გამონაკლისია შემთხვევები, როდესაც დამსაქმებელი დამატებით ანაზღაურებას მათ საკუთარი სურვილით უხდის. დედობის შვებულების სახელმწიფო კომპენსაცია კი თვეში 167 ლარია, რაც საარსებო მინიმუმზე ნაკლებია.

დასაქმებული დედების შრომითი უფლებების შესახებ მონაცემები გაეროს ქალთა ორგანიზაციამ და ISET-ის კვლევითმა ინსტიტუტმა ონლაინპრეზენტაციაზე წარადგინეს. როგორც აღინიშნა, საქართველოს შრომის კანონმდებლობა დასაქმებულთა სხვადასხვა ჯგუფისთვის განსხვავებულ სტანდარტებს აწესებს. ბავშვის მოვლის ანაზღაურებადი შვებულებაც ქალებისა და კაცებისთვის არათანაბრადაა ხელმისაწვდომი, რის გამოც პროფესიულ საქმიანობას უმეტესად ქალები თმობენ. ოჯახის საქმეებზე პასუხისმგებლობის აღებაც ძირითადად ქალებს უწევთ, ამიტომ რეპროდუქციულ ასაკში ისინი არაპროდუქტიულ თანამშრომლებად და ნაკლებად მიმზიდველ კადრად განიხილებიან. საბოლოოდ, ეს გარემოებები სამუშაო ძალაში ქალთა მონაწილეობაზე ნეგატიურად აისახება.

მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში საქართველოს შრომის კოდექსში მნიშვნელოვანი პროგრესული ცვლილებები შევიდა, დედობის დაცვის თვალსაზრისით, კანონმდებლობა გაუმჯობესებას კვლავაც საჭიროებს. ქვეყანას ამ დრომდე არ აქვს რატიფიცირებული შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის დედობის დაცვის 183-ე კონვენციაც - დოკუმენტი, რომელიც შრომის ბაზარზე ორსული ქალებისა და დასაქმებული დედების დასაცავად საჭირო მინიმალურ სტანდარტებს ადგენს. შესაბამისად, მისი რატიფიცირება დასაქმებული დედებისა და მათი ბავშვების უსაფრთხოების უზრუნველყოფის, ხელშეწყობისა და დაცვის მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება. გაეროს ქალთა ორგანიზაცია 183-ე კონვენციის რატიფიცირებისა და კვლევაში წარმოდგენილი რეკომენდაციების მხარდაჭერას სამომავლოდაც გააგრძელებს", - წერია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

კვლევა გაეროს ქალთა ორგანიზაციის რეგიონული პროექტის „ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სამხრეთ კავკასიაში“ ფარგლებში, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოსა (SDC) და ავსტრიის განვითარების ფონდის (ADC) დაფინანსებით ჩატარდა.

სრული ანგარიშისთვის ეწვიეთ ბმულს:
| Print |