საზოგადოება
ყოფილა შემთხვევა, რომ ექსპერტიზას 2 წელი დასჭირვებია - სამხარაულის ბიურო მეგი ბაქრაძის საქმეზე
გარდაცვლილი მედდის, მეგი ბაქრაძის ოჯახის ადვოკატი ამბობს, რომ ხელისუფლება ცდილობს საზოგადოებამ ყურადღება სხვა საკითხზე გადაიტანოს და მედიის სიკვდილის მიზეზის დადგენა გაჭიანურდეს. ვახტანგ ბარამაშვილის თქმით, საკითხის გარკვევით ჯანდაცვის სამინისტრო დაინტერესებული არ არის. როგორც უფლებადამცველი განმარტავს, სიკვდილის მიზეზის დასადგენად სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს მაქსიმუმ, ორი თვე სჭირდება, თუმცა მიუხედავად იმისა, რომ მომხდარიდან სამ თვეზე მეტია გასული, დასკვნა ამ დრომდე არ მომზადებულა.

ადვოკატის თქმით, იკვეთება სამედიცინო დოკუმენტაციის გაყალბების, პაციენტის მიტოვების ფაქტები, რამაც ფატალური შედეგი გამოიწვია.

სახელმწიფოს მხრიდან უყურადღებობაზე საუბრობს მეგი ბაქრაძის ქმარი. მანუჩარ კობახიძემ გვითხრა, რომ თვეებია სამართალდამცველებს მასთან კომუნიკაცია არ ჰქონიათ.

როდის დადგინდება სიკვდილის მიზეზი - სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ამბობენ, რომ ჯერ არ იციან. 

„პრაქტიკიდან გამომდინარე, მიჩნეულია 45 სამუშაო დღე, მაგრამ თუ ექსპერტიზის წინაშე ექსპერტიზას აქვს დასმული ისეთი კითხვები, რომ საჭიროა კომპლექსური ან კომისიური ექსპერტიზის ჩატარება, ამ შემთხვევაში ვადა განსაზღვრული არ არის, როცა დასრულდება დასკვნა მაშინ გაიცემა. ყოფილა შემთხვევა, რომ 1-2 წელიწადი დასჭირვებია.

მეგი ბაქრაძის შემთხვევაში, სამ თვეზე მეტი გავიდა, მაგრამ ამ შემთხვევაში დანიშნულია კომისიური ექსპერტიზა, რაც ნიშნავს იმას, რომ მოწვეული არიან ექიმი-სპეციალისტები, რომლებმაც თავიანთი ნაწილები გამოიკვლიონ.

პროცედურების შესახებ, რა ეტაპზეა ექსპერტიზა, ინფორმაცია მიწოდებული აქვს გამოძიებას.
ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს დასკვნა დაიდოს დროულად“,
- გვითხრეს სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს პრესსამსახურში.

კლინიკა „იმედის“ მედდა მეგი ბაქრაძე „ასტრაზენეკას“ ვაქცინის გაკეთების შემდეგ, ანაფილაქსიური შოკის განვითარების შედეგად გარდაიცვალა. აღნიშნულ საქმეზე გამოძიება სსსკ 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას.

ამის გარდა, მეგი ბაქრაძის საქმეზე, საქართველოს პროკურატურამ ცრუ ჩვენების მიცემისთვის ორ ექიმს და ერთ ექთანს, სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე მუხლის მეორე ნაწილით ბრალი წაუყენა, რაც 2-დან 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ორივე ექიმი - ვიოლეტა ინასარიძე და გიორგი აფციაური სამსახურიდან 30 ივნისს გაათავისუფლეს.
| Print |
თეგები: მეგი ბაქრაძე /