საზოგადოება
პენსიონერი მოვაჭრეები მყიდველის და პურის ფულის მოლოდინში
ახალციხელების ძირითადი ნაწილისთვის კვირა - მთელი კვირის სანოვაგის ყიდვის დღეა. ქალაქელები მხოლოდ ამ დღეს ახერხებენ ნატურალური, ხარისხიანი პროდუქტის იაფად შეძენას. ადიგენის, ასპინძისა და ახალციხის სოფლების მოსახლეობა აგრარულ ბაზარში დილით, დაახლოებით 7 საათისთვის იკრიბება და ყიდვა-გაყიდვაც იწყება.

რას არ ნახავთ კვირაობით თავშეყრის ადგილზე - მიწიდან მოწეულ მოსავალს, რძის პროდუქტს, ფრინველების ნაირსახეობასა თუ მინდვრის ბალახებს, რომელიც სხვადასხვა დაავადების სამკურნალოდ გამოიყენება. ზოგს საკუთარ ნაკვეთში, ზოგს კი ტყეში კრეფენ. აღებული თანხით ოჯახისთვის საჭირო პროდუქტს იმარაგებენ.

ნაირა მაჭარაშვილი ბაზარზე მეზობელთან ერთად ჩამოვიდა. ადიგენის სოფელ დიდი სმადიდან ქალები ამჯერად მამალს, ბატსა და გოგრას ყიდიან. ამბობენ, რომ ყველაფერი გაძვირდა, გლეხის ნაშრომს კი ,,არაფერი ეშველა“. მამალს - 15 ლარს, ბატს კი 40-ს აფასებენ, თუმცა მხოლოდ გოგრა გაეყიდათ. ამ ბაღჩეულის ღირებულებაც ზომების მიხედვით, 2-დან 5 ლარამდე მერყეობს. ბაზარზე იშვიათად ჩამოდიან, ახლა უბრალოდ ძალიან გაუჭირდათ.,,მთელი დღეა ვდგავარ და მხოლოდ ფასს მეკითხებიან. პანდემიის გამო ყველაფერი უკან წავიდა. სასიკეთო არაფერი ისმის. მძიმე პირობებია, შიშიც გვაქვს - დაავადება არსად გადაგვეყაროს. ავიცრები აუცილებლად, რომელი ვაქცინაც შემხვდება იმით, რათა დავიცვა ოჯახი, შვილები და თქვენნაირი ახალგაზრდები“, - ამბობს 70 წლის მარინა ფოფხაძე.

ბაზარში ,,9 საათიან მარშუტკას“ გამოყვნენ. ტრანსპორტი უფრო ადრე არ გამოდის. ამბობს, რომ დიდ სმადაში წესიერად მოსავალიც ვერ მოჰყავთ, რადგან ვერ რწყავენ. ,,არც გზა, არც ურნა და არც განათება“ რომ არ აქვთ, ზაფხულში ამაზე უკვე ნაკლებად ღელავენ.
კვირის ბაზარზე ასპინძიდან ჩამოვიდა პენსიონერი ბეჟან ბერიძე. პროდუქტი გასაყიდად ხშირად ჩამოაქვს. ამბობს, რომ ღია სივრცეში პირბადის ტარების ვალდებულების გაუქმების შემდეგ ,,ხალხმა იმატა“. ადგილზე მისული, ყოველ კვირას ქოლგის ქვეშ ზის. გულის ოპერაციის შემდეგ, ექიმის რეკომენდაციას იცავს - ფიზიკურ დატვირთვას ერიდება. ოჯახშიც საქმე განაწილებულია - მოსავალს, რასაც დანარჩენები მოიწევენ, ბეჟანი ყიდის. წუხს, რადგან ტყემლის ფასი ისევ 1 ლარია, გლეხს კი წვალების გარდა არაფერი რჩება. პანდემიის მიუხედავად, შექმნილი ვითარებიდან გამოსავალს მაინც საზღვრების გახსნაში ხედავს, მკაცრად დაცვისა და გაკონტროლების პირობით.ბაზარში რიგები პროდუქტის სახეობის მიხედვით იყოფა. მარჯვენა მხარეს, ძირითადად, ყველი და რძის ნაწარმი იყიდება, მარცხნივ ხილ-ბოსტნეული. შუაში - შერეული პროდუქციაა - ვინც რის ჩამოტანას მოიხერხებს. აქტიური ყიდვა-გაყიდვა შუადღემდე გრძელდება. დღის 1 საათიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტი უკვე სოფლებში დაბრუნებას იწყებს. ამ დრომდე ჩამოსულებმა გაყიდვასთან ერთად, სახლისთვის აუცილებელი პროდუქტი და ნივთები უნდა შეიძინონ. ჩამონათვალში ძირითადად ფქვილი, შაქარი, ზეთი და ჰიგიენური პროდუქცია შედის. კარგი ვაჭრობის შემთხვევაში კი პატარებისთვის ტკბილეულიც შეიძლება.
ოჯახში მოწეულ მოსავალს ყიდის 83 წლის ნოდარ ასპანიძეც. დანარჩენებისგან განსხვავებით გაუმართლა, ახალციხეში ცხოვრობს და ბაზარში დილიდანვე მივიდა. ამჯერად თუთა და თუთის ნაწარმი გაიტანა. ხელისუფლებასთან ერთი თხოვნა აქვს - ბაზარში გასაყიდად მისულ პენსიონერებს ,,ბაზრის ქირა“ არ გადაახდევინოს. ბაზართან ახლოს, ასპინძის ქუჩაზე ცხოვრობს. გასაყიდი პროდუქციისთვის ტრანსპორტი არ სჭირდება, რაც ხარჯს უმცირებს. სახლში მეუღლე ელოდება. შვილები ,,დაბინავებული“ ჰყავს. ასაკის მიუხედავად ჯანმრთელია და შრომა შეუძლია, ამიტომაც ცდილობს, მონაგარს დაეხმაროს.კორონავირუსის პანდემია მოქალაქეებისთვის ყველაზე ნათლად საკვებზე ფასების ზრდაზე აისახა. ათეულობით პროცენტით გაძვირდა რძის ნაწარმი, ხილი, შაქარი, ხორცი. „საქსტატის“, უკანასკნელი ინფორმაციის თანახმად, ივნისში სამომხმარებლო ფასების ინდექსი, 2020 წლის ივნისთან 7,1%-ით გაუარესდა. პარალელურად, დაეცა მოსახლეობის მსყიდველუნარიანობა. ამიტომაც ასაკოვანი ხალხი ბაზარში იმ იმედით ვაჭრობს, რომ სახლში პურს მაინც მიიტანს.

| Print |