საზოგადოება
საქართველოში დღეიდან სამკვირიანი შეზღუდვები ამოქმედდა
დღეიდან, 14 აგვისტოდან ქვეყანაში რამდენიმე რეგულაცია იმოქმედებს. კორონავირუსის გავრცელების შესამცირებლად საკოორდინაციო საბჭომ შეზღუდვები  ოთხ სექტემბრამდე განსაზღვრა.

  • შეიზღუდება მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა. შეზღუდვა არ ეხება საქალაქთაშორისო ტრანსპორტს;
  • სრულად იზღუდება ფესტივალები, გასართობი ღონისძიებები, კონცერტები და სპორტული შეჯიბრებები; იზღუდება ბავშვთა გასართობი ცენტრების მუშაობა;
  • კვების ობიექტების მუშაობა, ნაცვლად ღამის 00:00 საათისა, დასაშვები იქნება 23:00 საათამდე; საჯარო უწყებებს ეძლევათ დავალება, მაქსიმალურად გადაიყვანონ თანამშრომლები მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე და ანალოგიური რეკომენდაციით მიმართავს საბჭო კერძო დამსაქმებლებს;
  • ვაქცინაციის მაქსიმალურად გაფართოებისა და ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, აცრების პროცესში ჩაერთვებიან სამხედრო ექიმებისგან დაკომპლექტებული ბრიგადები; მუნიციპალური ტრანსპორტის შეზღუდვის პირობებში, სახელმწიფო უზრუნველყოფს ძირითად ამცრელ დაწესებულებებთან მოსახლეობის რეგულარულ ტრანსპორტირებას;
  • ჯანდაცვის უწყება განაგრძობს მუშაობას დამატებითი საწოლების მობილიზების მიმართულებით; მაქსიმალურად გამკაცრდება კონტროლი მოქმედი რეგულაციების აღსრულებაზე, მათ შორის ისეთი სოციალური ღონისძიებების გამართვაზე, როგორიცაა ქორწილი, ქელეხი და ა.შ. შეგახსენებთ, მსგავსი ღონისძიებების მასპინძლობისთვის, ობიექტები ჯარიმდებიან 10 ათასი ლარით, ხოლო განმეორებით დარღვევისას - ექვემდებარებიან დალუქვას.
| Print |