საზოგადოება
ნინოწმინდაში ვაქცინაციის შესახებ საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა
სამცხე-ჯავახეთში ეთნიკური უმცირესობებისთვის მშობლიურ ენაზე, ვაქცინაციასთან დაკავშირებით საინფორმაციო ბროშურების დარიგება დაიწყო. უმცირესობების წარმომადგენელთა ინფორმირების კამპანიის ფარგლებში, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მრჩეველი ლია გიგაური ჩაერთო.

ის ქალაქ ნინოწმინდაში, ადგილობრივი საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლებს შეხვდა და მათ ვაქცინაციასთან დაკავშირებული საინფორმაციო კამპანიის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

მოგვიანებით შეხვედრები გაიმართა სოფელ განძისა და ფოკას მოსახლეობასთან, სადაც შეხვედრის მონაწილეებს ვაქცინაციის შესახებ სომხურენოვანი საინფორმაციო ბროშურები და სამედიცინო პირბადეები გადასცა. სახელმწიფო მინისტრის მრჩეველის თქმით, საინფორმაციო კამპანიის მიზანი ვაქცინაციის პროცესის შესახებ თითოეულ მოქალაქემდე სწორი ინფორმაციის მიტანაა.

Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციასთან დაკავშირებული საინფორმაციო ბროშურები საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციისა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ერთობლივი თანამშრომლობითა და საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრის ორგანიზებით მომზადდა. საინფორმაციო მასალები კარდაკარ პრინციპით ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ იმ სოფლებში დარიგდება, სადაც ინფორმაციაზე წვდომა შეზღუდულია.

| Print |