საზოგადოება
ვალეში ფეკალური მასა ღიად მოედინება


ქალაქ ვალეში, სტალინის #25-ში საკანალიზაციო ჭიდან ფეკალური მასა ამოდის. ადგილობრივები ამბობენ, რომ მსგავსი პრობლემა პირველი არ არის. საკანალიზაციო სისტემა ხშირად ზიანდება, მრავალბინიანი კორპუსის ეზოში კი ბავშვები თამაშობენ. 

"კორპუსის სარდაფებიც კი ივსება ამ წყლით. არერთხელ მიმართეს სისტემის შესაცვლელად, მაგრამ უშედეგოდ", - ამბობს ადგილობრივი კობა ხიზაძე. 

ახალციხის მერის წარმომადგენელი ვალეში ელიოზ ბარბლიშვილი ამბობს, რომ მსგავსი პრობლემა მთელ ქალაქშია.

"ზემოთ ჭა ჩანგრეულია, კიდევ რამდენიმე ადგილზეა პრობლემა. შევატყობინეთ წყალმომარაგების კომპანიას. ძალიან მოძველებულია, მწობრიდანაა გამოსული საკანალიზაციო სისტემა. წყალმომარაგების მუშებიც ძალიან ბევრს წვალობენ. მუდმივი პრობლემებია ხან ერთ უბანში, ხან მეორეში".

"საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში" ამბობენ, რომ სავარაუდოდ, კანალიზაციის სისტემაში "რაღაც" გაიჭედა. ახალციხის სერვის ცენტრის უფროსის გიორგი გოგოლაურის თქმით, ადგილზე მათი წარმომადგენლები გავლენ და დაზიანებას შეაკეთებენ.
| Print |